დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში „აშშ-ის როლი საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაში 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში“ მედიას მიეცა საშუალება, დაათვალიერებინა ლუგარის ლაბორატორია.
შეხვედრაზე მედია დაინტერესდა რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით.
„ბევრი გზა არსებობს იმისთვის, რომ „მაიმუნის ყვავილის“ პანდემიის თავიდან აცილება და გავრცელების გაკონტროლება შესაძლებელი იყოს, როგორიცაა, მაგალითად კონტაქტების დადგენა, თუ საჭირო გახდა ვაქცინაციის გამოყენება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორმა, ჩარლზ ვაიტეკმა ჟურნალისტებთან საუბარში.
„ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ყოველ დღე ამოწმებენ, შესაძლებელია, გაიმართოს შეხვედრებიც იმას გადასაწყვეტად, რა უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, ბევრი მიზეზი არსებობს დაიმედებული ვიყოთ, შესაძლებელია შევაკავოთ და აღიკვეთოს მისი პანდემიად გადაქცევა“. – აღნიშნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების წარმომადგენელმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, 1600 შემთხვევაა ამ დროისთვის დაფიქსირებული არაენდემურ ქვეყნებში.
მისივე განმარტებით, არაენდემურ ქვეყნებში ასეთი შემთხვევა მხოლოდ 2-3-ჯერ იყო დაფიქსირებული.
დღეს ამ შემთხვევების რაოდენობის 87 % ევროპის ქვეყნებშია დაფიქსირებული.
დღეს გამყრელიძემ ასევე განმარტა, რომ საქართველოში სულ ოთხ პაციენტზე მიმდინარეობდა კვლევა, მათგან სამი შემთხვევა უკუგდებულია და ერთი იყო ღრმა კვლევის საგანი, რადგან საეჭვო შემთხვევად მიიჩნიეს.
პაციენტის მდგომარეობა იყო მსუბუქი და დღეისთვის ის საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.
“ამ ხნის განმავლობაში ე.წ. შესაძლო შემთხვევა ჩვენთან 4 იყო. ამ 4 შემთხვევაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრში ჩატარდა კვლევა და უარყოფითი შედეგი დადგა 3 შემთხვევაში. ერთ შემთხვევა იყო ღრმა კვლევის საგანი, პაციენტს ჰქონდა მოგზაურობის ისტორია და სხვა ეპიდემიოლოგიური მონაცემები. აღნიშნულ საეჭვო შემთხვევაზე დღეს დასრულდება სეკვენირება, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, რამდენჯერმე გამოვიკვლიეთ. შესაბამისად, დღეს იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი და ასევე ვაცნობებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას. პაციენტზე დაკვირვება მიმდინარეობდა, მისი მდგომარეობა იყო მსუბუქი და უკვე გაწერილია სახლში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, რაც შეეხება პაციენტის კონტაქტებს, სრულად არის გამოკვლეული.
გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი ხედვით, მასობრივი ვაქცინაცია “მაიმუნის ყვავილის” საწინააღმდეგოდ არ განიხილება.