საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
“მოკლედ მოგახსენებთ, რომ მთელ მსოფლიოში სიტუაცია გლობალურად დაძაბულია. პანდემია არ ჩერდება, ვითარება იძაბება როგორც ევროპაში, მათ შორის საქართველოშიც. სამიზნე ჯგუფები ძირითადად სიმპტომიანი პაციენტები არიან.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იყოს და საზოგადოების მიერ ეს გზავნილი კარგად იყოს აღქმული.
გუშინ გაიცა ახალი განკარგულება იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ექვემდებარებიან სავალდებულო ტესტირებას. ამ ჯგუფებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინფიცირებულთა კონტაქტებს. კონტაქტირებული ადამიანი ყოველგვარი ტესტირების გარეშე დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში 12 დღის განმავლობაში. 12 დღის შემდეგ თუ უსიმპტომო აღმოჩნდა, ყოველგვარი ტესტირების გარეშე გათავისუფლდება თვითიზოლაციიდან. მაგრამ თუ თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფ პიროვნებას დაეწყება მსუბუქი სიმპტომი, როგორიცაა: დაბალი ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია ამის შესახეგბ ინფორმაცია ექიმს მიაწოდონ. ის აუცილებლად დაექვემდებარება PCR ტესტირებას.
ამავე დროს მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კარანტინში მყოფი უცხოეთიდან შემოსული ადამიანები, 8 დღის შემდეგ ანტიგენზე დამზადებული სწრაფი ტესტით გადამოწმდებიან. თუ მათი პასუხი უარყოფითი გამოდგა, მაშინ კარანტინში დიდი ხნით დაყოვნება აღარ მოუწევთ, ხოლო თუ ტესტი დადებითი აღმოჩნდება, მაშინ დაუყოვნებლივ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ.
გაზრდილი ინფიცირების ფონზე, დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობებს და კონტაქტებს. მნიშვნელოვანი ინდიკატორი გახლავთ ის, რომ თანდათან გვეზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, რომელიც 54%-ზეა ასული.
ჩვენ ასევე შევქმენით პროტოკოლი დამსაქმებელსა და დასაქმებულთათვის, რომ ყველა დაწესებულებებში იქნება ე.წ. თერმოსკრინინგი, რადგან ყველა სიმპტომიანი მოქალაქე დროულად გამოვლინდეს და ამის პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გამოიჩინოს. კიდევ 1 წლის განმავლობაში ყველამ ერთად უნდა გავიაროთ ვირუსის ადაპტაციისა და თანაცხოვრების ფაზა.
ვაქცინასთან დაკავშირებით ყველა სამედიცინო ჯგუფი აქტიურად მუშაობს და დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინა მალე იქნება. მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის გუშინდელი განცხადებით, შესაძლებელია ვაქცინა ამ წლის ბოლოს უკვე იყოს. ხელმისაწვდომი კი დიდი ალბათობით გაზაფხულზე იქნება”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.