„ომეგა ჯგუფის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც „იბერია-ომეგას“ საქმეში ლევან ყიფიანის ეპიზოდში ფიგურირებს, პოლიციაში წაიყვანეს. დავით თოლორდავას პოლიციაში დაკითხვა დასრულდა. დავით თოლორდავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის პოლიციაში სამი წლის წინ მომხდარი საქმის ფარგლებში გამოსაკითხად წაიყვანეს და ამჟამად ომეგას საქმესთან დაკავშირებით კითხვები არ დაუსვამთ.
შსს-ში აცხადებენ, რომ „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომელი პოლიციაში მასთან დაკავშირებული საქმის შეწყვეტის თაობაზე იმყოფებოდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, საქმეზე 2015 წელს დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოძიება მისულია დასკვნით, კერძოდ საქმის შეწყვეტის ეტაპზე, ვინაიდან საქმეში არ არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტს საბოლოო დასკვნის გასაცემად დამატებით წარსადგენი აქვს სამედიცინო გამოკვლევის დოკუმენტაცია.
მათივე ცნობით, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო დაბარებული „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომელი პოლიციაში.
ტელეკომპანია „იბერიამ“ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აცხადებდნენ, რომ „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომელი პოლიციაშია გადაყვანილი.
“შემთხვევიდან სამი წლის შემდეგ პოლიციაში მისი გადაყვანა, ჩვენი ღრმა რწმენით, უკავშირდება „ომეგა-იბერიას“ თანამშრომლებზე რეპრესიების დაწყებას. ვთვლით, რომ ვართ საფრთხის ქვეშ და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ჩვენგანზე განხორციელდება რამე სახის პროვოკაცია, თავდასხმა ან ზეწოლა, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს ხელისუფლებას. მივმართავთ არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს, დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება“, – აღნიშნულია განცხადებაში.