„ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატების ინფორმაციასთან მიმართებაში მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებები ერთმანეთს არ ემთხვევა. მთავარი პროკურატურისგან განსხვავებით, შსს-ში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, ქეთი მურუსიძისგან განხორციელებული 5 საკონტროლო შესყიდვიდან, 3 შემთხვევაში შეძენილი იქნა არანარკოტიკული საშუალებები.
უწყების ცნობით, არანარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა ბრალდებულ ლაშა მამულაიშვილისგან განხორციელებული შესყიდვის შემთხვევაშიც.
„შსს-ს მიერ მაისში, ე.წ. „კლუბების საქმის” გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის სახით დაკავებულ ქ.მ.-ისგან განხორციელდა 5 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 2 შესყიდვის შემთხვევაში მან ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი-ს“ რეალიზაცია განახორციელა, 3 შემთხვევაში კი შეძენილი იქნა არა ნარკოტიკული საშუალებები.
ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულ ლ.მ.-სგან განხორციელდა 2 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 1 შესყიდვის შემთხვევაში მან არანარკოტიკული ნივთიერება, ხოლო 1 შესყიდვის შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ გაყიდა.
რაც შეეხება ბრალდებულ ვ.ჟ.-ს, საგამოძიებო ღონისძიებების დროს მისგან გახორციელდა ორი საკონტროლო შესყიდვა და ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ ის ნარკოტიკულ საშუალების მდმა-ის რეალიზაციას ახორციელებდა. ასევე, ვ.ჟ.-ს პირადი ჩხრეკისას გამოძიების მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები.
საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორები „ახალ კლიენტებზე“ ასაღებენ ე.წ “ფეიქებს,” – არანარკოტიკულ საშუალებებს, სანამ საბოლოო ნდობაში არ შევლენ მათთან,“ – განუცხადეს „ფორტუნას“ შსს-ში.
კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატების ინფორმაციით, რამდენიმე ბრალდებულის შემთხვევაში დადასტურდა, რომ ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა.