LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ში ადასტურებენ, რომ „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებული 2 პირისგან შეძენილი ნივთიერება ნარკოტიკი არ აღმოჩნდა

87

„ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატების ინფორმაციასთან მიმართებაში მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებები ერთმანეთს არ ემთხვევა. მთავარი პროკურატურისგან განსხვავებით, შსს-ში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, ქეთი მურუსიძისგან განხორციელებული 5 საკონტროლო შესყიდვიდან, 3 შემთხვევაში შეძენილი იქნა არანარკოტიკული საშუალებები.

უწყების ცნობით, არანარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა ბრალდებულ ლაშა მამულაიშვილისგან განხორციელებული შესყიდვის შემთხვევაშიც.

„შსს-ს მიერ მაისში, ე.წ. „კლუბების საქმის” გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის სახით დაკავებულ ქ.მ.-ისგან განხორციელდა 5 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 2 შესყიდვის შემთხვევაში მან ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი-ს“ რეალიზაცია განახორციელა, 3 შემთხვევაში კი შეძენილი იქნა არა ნარკოტიკული საშუალებები.

ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულ ლ.მ.-სგან განხორციელდა 2 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 1 შესყიდვის შემთხვევაში მან არანარკოტიკული ნივთიერება, ხოლო 1 შესყიდვის შემთხვევაში  ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ გაყიდა.

რაც შეეხება ბრალდებულ ვ.ჟ.-ს, საგამოძიებო ღონისძიებების დროს მისგან გახორციელდა ორი საკონტროლო შესყიდვა და ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ ის ნარკოტიკულ საშუალების მდმა-ის რეალიზაციას ახორციელებდა. ასევე, ვ.ჟ.-ს პირადი ჩხრეკისას გამოძიების მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები.

საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორები „ახალ კლიენტებზე“ ასაღებენ ე.წ “ფეიქებს,” – არანარკოტიკულ საშუალებებს, სანამ საბოლოო ნდობაში არ შევლენ მათთან,“ – განუცხადეს „ფორტუნას“ შსს-ში.

კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატების ინფორმაციით, რამდენიმე ბრალდებულის შემთხვევაში დადასტურდა, რომ ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა.

პოპულალურები