შვედეთის მთავრობა აჩერებს საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას, – ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი, ბენჟამინ დოუსა აცხადებს.
მისი თქმით, „საქართველოში განვითარებული მოვლენები დიდი ხანია საგანგაშოა”.
„საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები ამას ადასტურებს. მცდელობები, ხელი შეეშალოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულებაში, კერძოდ, შემზღუდავი კანონმდებლობით, ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, მთავრობა აჩერებს შვედეთ-საქართველოს მთავრობის პირდაპირ თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან“, – აცხადებს ბენჟამინ დოუსა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან კვლავ დაახლოების შემთხვევაში, შესაძლოა ურთიერთობები განახლდეს.