ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ტყუპი ძმები ხანძარს ემსხვერპლნენ, მეზობელი ეხმაურება და სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს, რომლებიც მისი თქმით, „მეზობლების ლანძღვა-გინების მეტს არაფერს აკეთებენ“.
როგორც კოკა სოციალურ ქსელში წერს, ხანძრის გაჩენისთანავე მეზობლები შიშველი ხელებით ებრძოდნენ ცეცხლს, თუმცა, სამწუხაროდ ტყუპების გადარჩენა ვერ შეძლეს.
„შვიდი ტკივილიანი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს საშინელი ტრაგედია დაგვატყდა თავს და დღემდე მეზობლების ლანძღვა-გინების მეტი არაფერი მესმის..
არ ვაპირებდი არანაირი კომენტარის გაკეთებას მაგრამ ყველანაირ ჩარჩოებს გასცდა თქვენი ამაზრზენი კომენტარები. რამხელა ტკივილს ვატარებთ გულით და თქვენ „უმაქნისებს“ „მკვლელებს“ „უგულოებს“ გვეძახით და გინებას არ გვაკლებთ.. მეზობლებს, რომლებიც შიშველი ხელებით ვებრძოდით ცეცხლს. მეგობრებთან ერთად ვიჯექი ჩვენი უბნის სკვერში, როდესაც ხანძარი შევნიშნე, ისე მალე მოედო მთელს ბინას ცეცხლი, სანამ 6 სართულამდე ავედით, უკვე კარებამდე იყო მოსული და ისეთი ცეცხლი იყო რომ ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამდი. ვინც მანდ შევიდოდა, ბავშვებამდეც კი ვერ მივიდოდა, ისე დაიწვებოდა. სახანძროს მოსვლამდე, შიშველი ხელებით ვებრძოდით, ვედროებით, დასველებული საბნებით, მაგრამ ჩვენი შესხმული წყლის მერე უფრო და უფრო იმატებდა ცეცხლი. ისიც კი არ ვიცოდით სახლში გაზი იყო თუ არა, მიუხედავად ამისა არცერთი უკან არ დახეულა, ყველა ჩვენთაგანი ვცდილობდით ტყუპების გადარჩენას. ზედა სართულის აივნიდან ჩამოსვლა შეუძლებელი იყო, კვამლისგან არაფერი ჩანდა და ძალიან ცოტა დააკლდა რომ ზედა სართულსაც მოსდებოდა ცეცხლი. ქვედა სართულიდან ასვლაც ვერ მოვახერხეთ, ძალიან დიდი ცეცხლი იყო ფანჯრიდან გამოსული, რკინები გახურებული იყო, თან სახანძროს წყალი, ქვედა სართულს ესხმეოდა. შეუძლებელი იყო ქვედა სართულიდანაც ასვლა. მეზობლებს არაფერი დაგვიკლია იმ მომენტში, მაქსიმალურად ვეცადეთ რომ გადაგვერჩინა ტყუპები მაგრამ შიშველი ხელებით ამის გაკეთება სამწუხაროდ ვერ შევძელით.
რაც შეეხება შუქი რო არ ქონდათ მაგას, 3 თვის დავალიანება ქონდათ და ტრაგედიის დღეს ჩაუჭრიათ დენი, რის შესახებაც არ ვიცოდით მეზობლებმა, თორემ დამიჯერეთ, რომ გვცოდნოდა ამის შესახებ, აუცილებლად გადავუხდიდით ბავშვების დენის ფულს. დედამ ხომ იცოდა რომ შუქი ჩაუჭრეს, ღამე უშუქო ბავშვები მარტო როგორ დატოვა? ამას რატომ არავინ წერთ? ყველაფერი მეზობლების კისერზე რომ გადატეხეთ.
თქვენ ვინც ილანძღებით, ჩვენზე მეტად გინდოდათ ბავშვების გადარჩენა? ჩვენზე მეტად გიყვართ ბავშვები? ან ჩვენზე მეტად განიცდით ამ ტრაგედიას? ბავშვები, რომლებიც გათენებიდან დაღამებამდე ეზოში იყვნენ და ყველას გვესიყვარულებოდნენ. ყოველ დღე, მშიერ-მწყურვალ ბავშვებს, მეზობლები რომ პატრონობდნენ და შეძლებისდაგვარად არაფერს ვაკლებდით, ჩვენზე მეტად გინდოდათ ასეთი სიყვარულით სავსე ბავშვების გადარჩენა? თქვენთვის ბავშვები, ჩვენთვის კი ძმაკაცები იყვნენ…
არ იცით ხელი საით გაიშვიროთ და მეზობლებს შეგვდექით.. არცერთმა თქვენგანმა საერთოდ არაფერი არ იცით ამ ბავშვების შესახებ და ყველას მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ ცილისწამებისგან..“, – წერს კოკა სოციალურ ქსელში.
ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა