30 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმარმა ეკა კახიანმა ახალ სიმღერაზე C’est La Vie-ზე, საკუთარ შემოქმედებასა და ელდარ შენგელაიას ახალ ფილმზე ისაუბრა, რომელშიც მისი მამა – ცნობილი მსახიობი იმედა კახიანი და შვილიშვილები მონაწილეობენ.
იმედა კახიანი
პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ 86 წლის იმედა ერთდროულად ორ ფილმში მონაწილეობს. ელდარ შენგელაიას ფილმის გადაღება რამდენიმე დღეში დასრულდება, ამასთანავე, უკვე დაიწყო მეორე ფილმზე მუშაობა, რომელშიც ექვთიმე თაყაიშვილს განასახიერებს და ძალიან ღელავს. სიამოვნებით გავეცანი გადაღებულ მასალას და ძალიან გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ მამა და ექვთიმე თაყაიშვილი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. საოცრად ემოციური ფილმია, განსაკუთრებით უნივერსიტეტში მისვლის ეპიზოდი, რომელმაც ყველას გული აგვიჩუყა და აგვატირა. ჯანმრთელობას ვუსურვებ მამას, რათა კიდევ დიდხანს შეძლოს ფილმებში მონაწილეობა.
C’est La Vie –
კომპოზიცია, რომელსაც ფრანგულად C’est La Vie, ქართულად კი, „ასეთია ეს ცხოვრება“ ჰქვია, რუსა მორჩილაძემ დაწერა ირინა სანიკიძის ტექტზე. რუსა ყოველთვის მანებივრებს სიმღერებით, ახალი ნამუშევარი მაჩუქა გასულ ზაფხულსაც, რისთვისაც დიდად ვემადლიერები. რუსას რამდენიმე სიმღერა შევასრულე და ყველამ ერთნაირი პოპულარობა მოიპოვა.
სასცენო კოსტიუმები
მნიშვნელობა არ აქვს ქართველი დიზაინერის შეკერილი იქნება თუ უცხოელის, მაგრამ ყოველთვის ზუსტად ვიცი, როგორი კოსტიუმი მინდა, ამიტომ ხშირად თვითონ ვქმნი კაბის დიზაინს. ვფიქრობ, მთავარია, ქალი კარგად იცნობდეს საკუთარ სხეულს და ზუსტად იცოდეს, რა უხდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვითვალისწინებ შვილების აზრს. მეტიც, ჯგუფიც კი შევქმენით, რომელსაც sisters დავარქვით, სწორედ იქ ვაგდებთ საინტერესო მოდელების ფოტოებს, მერე კი, ყველა ერთად განვიხილავთ.
თეატრი
სამწუხაროდ, თეატრში ხანგრძლივი პაუზის აღება მომიწია, თუმცა წელს საიუბილეო წელს აღვნიშნავ, ამიტომ დოი მეტად მასშტაბურ პროექტს – მიუზიკლის დადგმას მპირდება, რომლითაც სექტემბერში გაიხსნება ახალი თეატრალური სეზონი.
კინო და მუსიკა
მამასგან განსხვავებით მე ნაკლებად გამიმართლა კინოში, რადგან მხოლოდ რამდენიმე ფილმზე ვიმუშავე. მამას დებიუტივე წარმატებული ჰქონდა, რადგან უამრავი ბრწყინვალე როლის მიუხედავად, მაინც „საბუდარელი ჭაბუკი“ გახდა მისი სავიზიტო ბარათი. სამწუხაროდ, მსახიობი ყოველთვის რეჟისორზე და მის შეთავაზებაზეა დამოკიდებული, ფილმების წარმოება კი, დღეს ნაკლებად გამოდის. მართალია, რამდენიმე შეთავაზება მქონდა, მაგრამ არასდროს გავაკეთებ იმას, რაც ზუსტად ვიცი, რომ ჩემი არაა.
ბევრად წარმატებული აღმოვჩნდი მუსიკაში. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კარიერა ბავშვობაში, „მზიურით“ დაიწყო და დღემდე გრძელდება. რამდენიმე ახალი სიმღერის გაკეთებას ვგეგმავ, ერთ-ერთი პირველი ნინიმ და ანრიმ შეასრულეს ანრის სოლო კონცერტზე. ძალიან მინდა საიუბილეო წელს კიდევ ერთი საავტორო საღამოს მოწყობა, უამრავი იდეა მაქვს, თუმცა ჯერ არ ვიცი, რამდენად შევძლებ ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას.
ოჯახი
არ ვიცი, რამდენად კარგი ბებია ვარ, ალბათ ჩემზე უკეთესებიც არიან, მაგრამ შვილიშვილებთან ნამდვილად ვმეგობრობ. მართალია, მუსიკალური ნიჭი ყველას აქვს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ელენე მღერის, თუმცა მასაც ცეკვა უფრო მოსწონს, ვიდრე სიმღერა.
ოცნება
ნაკლებად ვოცნებობ, რადგან თხის რქა ვარ ზოდიაქოს ნიშნით და მიზნების დასახვა უფრო მეხერხება, რომელთაც ნელა, ეტაპობრივად, თუმცა ყოველთვის ვახორციელებ. განვლილ ცხოვრებას თუ გადავავლებ თვალს, ყველაფერი გავაკეთე რაც მინდოდა, თუმცა მეტის გაკეთებაც შეიძლება. ძალიან მინდა კარგ ფილმზე მუშაობა საინტერესო სცენარითა და რეჟისორით.
„ხიდი“
ძალიან ემოციური იყო ფილმის პრემიერა, მით უფრო, რომ სწორედ მის გადაღებას შეეწირა ერეკლე. სამწუხაროდ, მან ვერ მოასწრო ფილმის დასრულება, ძალიან დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს მისმა კოლეგებმა ჩანაფიქრის ბოლომდე მისაყვანად, თუმცა ფილმი შედგა და თურქი მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურა. მალე, ქართველ მაყურებელსაც მიეცა მისი ნახვის და შეფასების საშუალება. ძალიან კმაყოფილი ვარ ნინის ნამუშევრით, რადგან შესანიშნავად გაართვა თავი საკმაოდ სერიოზულ როლს. მართალია, ნინი პროფესიით მსახიობია, მაგრამ ძალიან არ უყვარს თეატრი, კინო უფრო მოსწონს და პოტენციალიც კარგი აქვს.
ნინი
თვითონაც შესანიშნავ სიმღერებს წერს და ჩემს დაწერილსაც კარგად ასრულებს. ძალიან მომწონს „არასდროს მყვარებია ასე“ მისი შესრულებით. კარგი გამოვიდა მაიკო კაჭკაჭიშვილის „ჩუმად მინატრე“ და ჩემი სიმღერა „სიცოცხლეც არ მინდა უშენოდ“, რომელიც საკუთარი ვერსიით ჩაწერა და მალე კლიპსაც გადაიღებს ლაშა ცერიაშვილთან ერთად.