ულამაზესი შვლები, ფოცხვერი, ჯიხვები და უნიკალური ბუნება – ეს იმ სანახაობების მცირე ჩამონათვალია, რომლესაც ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში გადააწყდებით.
პარკის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება საოცარი კადრები, სადაც ასახულია დაცული ტერიტორია და აქ ჯიხვების გადაადგილება. ამავე ფეისბუქ გვერდზე ნახავთ ასევე ფოცხვერისა და რამდენიმე შველის ამსახველ უახლეს ფოტომასალას.
https://www.facebook.com/gigi.chincharauli.7/videos/2429474313738005/UzpfSTE4MDg1MDE3MTk0MjAwMzc6MjMyNDc1NzEzNDQ2MTE1Nw/
აღსანიშნავია, რომ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები შეიქმნა 2014 წელს (საქართველოს კანონი „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ 16 აპრილი, 2014 წ.) და მოიცავს ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს, როშკის ბუნების ძეგლს და ასას აღკვეთილს. საფეხმავლო ბილიკებით შესაძლებელია თუშეთისა და ყაზბეგის დაცულ ტერიტორიებზე გადასვლა. ეს ბილიკები ყველაზე პოპულარული ეკოტურისტული მარშრუტებია ბუნების მოყვარულთათვის.
ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობია 80012 ჰა (მათ შორის, ეროვნული პარკის — 75936 ჰა, როშკის ბუნების ძეგლის — 133 ჰა, ხოლო ასას აღკვეთილის — 3943 ჰა.) და მის უნიკალურობას მთის ლანდშაფტები, მრავალფეროვანი და ხელუხლებელი ეკოსისტემები ქმნის.
დამხმარე ზონა მოიცავს ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში და მის მიღმა არსებულ დასახლებულ პუნქტებს: ანატორი, მუცო, კისტანი, ლებაისკარი, კალოთანა, ამღა, ჭიმღა, ანდაქი, ქინო, ბინდაურთა, არჭილო, ჭეჭყეთი, შატილი, არდოტი (პარკის შიგნით სოფლები), უკანაფშავი (ჭალახევი), უკანაფშავი (ვაკის — სოფელი), ორბეულთა, ხორიელი, ხოშარა, აყნელი, მისახი, ხიტალე, ბაცალიგო, ჩხუბა, უკანაფშავი (ელიაგზა), უკანხადუ, კარწაულთა, აჭე, ხახმატი, ბისო, ატაბე, წინხადუ (ზეისტეჩო), წინხადუ, უსტამალაე, კეო, ბარისახო, ბოჩქვილო, ჭალისოფელი (პარკის მიმდებარე სოფლები).
დაცული ტერიტორიები, როგორც მთლიანად ფშავ-ხევსურეთის რეგიონი, რთული ოროგრაფიით ხასიათდება. აქ მდინარეების — არღუნის, ასას, ხევსურეთის არაგვისა და მათი მრავალრიცხოვანი შენაკადების ღრმა ეროზიული ხეობები ერთიმეორისგან გამოყოფს ქედებსა და მათ თხემებზე აღმართულ მწვერვალებს. დაცულ ტერიტორიაზე გადის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი და გვერდითი ქედების მონაკვეთი (ჭაუხის მასივსა და მწ. პატარა ბორბალოს შორის).
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის მიზანია, აღმოსავლეთ კავკასიონის ცენტრალური ნაწილის ბუნებრივი ეკოსისტემების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება; ეროვნული მნიშვნელობის, მაღალი გარემოსდაცვითი და ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ტერიტორიების, აგრეთვე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ძეგლების დაცვა და შენარჩუნება; რეკრეაციულ-ტურისტული და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.
ამასთან პარკის მიზნებს შორისაა სამიზნე სახეობების: ჯიხვის, ნიამორის და არჩვის პოპულაციების, მაღალი ენდემიზმით გამორჩეული მაღალმთის მცენარეული კომპლექსების დაცვა-შენარჩუნება.