15 ივნისს, თბილისის დროით 06:54 საათზე, ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში ახალმთვარეობა დგება, რაც ასტროლოგების შეფასებით, კომუნიკაციის, ინფორმაციისა და ინტელექტუალური აქტივობის გაძლიერებას უკავშირდება. ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს.
მისი განმარტებით, ტყუპის ენერგია ყურადღებას სწავლაზე, ახალი იდეების გენერირებაზე, კონტაქტების გაფართოებასა და სოციალური ურთიერთობების განვითარებაზე გადაიტანს. მისივე თქმით, გასულ პერიოდში დაწყებული და გამყარებული პროცესები ახლა ახალ შინაარსს შეიძენს და ანალიზის ეტაპზე გადავა.
“ახალმთვარეობა ტყუპის 25-ე გრადუსში ფორმირდება, რაც ცნობისმოყვარეობისა და მრავალმხრივი ინტერესების ზრდაზე მიუთითებს. თუმცა, არსებობს გაფრთხილებაც — ერთდროულად ბევრი მიმართულებით მოქმედებამ შესაძლოა ყურადღების გაფანტვა და დაუმთავრებელი საქმეები გამოიწვიოს.
გლობალურ დონეზე მოსალოდნელია ახალი საინფორმაციო ციკლის დაწყება, მოლაპარაკებების, შეთანხმებებისა და საგანმანათლებლო პროექტების გააქტიურება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოუმზადებელი და ზედაპირული გარიგებები ამ პერიოდში ნაკლებად წარმატებული იქნება.
ასტროლოგიური ფონის მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სიტყვებსა და ინფორმაციას. რეკომენდებულია ფაქტების გადამოწმება, პასუხისმგებლიანი კომუნიკაცია და დაპირებების ფრთხილად გაცემა. ამავე დროს, მერკურისა და მარსის ჰარმონიული კავშირი ხელს უწყობს იდეების პრაქტიკულ შედეგებად გარდაქმნას.
ხელსაყრელი პერიოდი იქნება ახალი ნაცნობობებისთვის, სწავლის დაწყებისთვის, საქმიანი კავშირების გაფართოებისა და პროფესიული განვითარებისათვის.
სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საკითხებსა და პირად ურთიერთობებში — სპეციალისტები მოუწოდებენ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სარისკო ფინანსური გადაწყვეტილებებისა და ემოციური დაპირისპირებისგან.
ყველაზე ძლიერი გავლენა ახალმთვარეობას ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის ნიშნებზე ექნება, ხოლო მუტაბელური ნიშნებისთვის პერიოდი სწრაფ ადაპტაციასა და მოქნილობას მოითხოვს”, – აღნიშნავს რამაზ გიგაური.
