LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიღნაღში 33 წლის მამაკაცი ტრაქტორით თხრილში ჩავარდა და მძიმე ტექნიკა დაეცა – „სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატავად, რომელსაც განვიცდით, რამაზი იყო საოცრად თავაზიანი, მშრომელი და საიმედო ახალგაზრდა“

271
რამაზ ძმანაშვილი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარ უბედურ შემთხვევას 33 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა სოფელ ილიაწმინდაში მოხდა – ადგილობრივების განცხადებით, რამაზ ძმანაშვილი ტრაქტორით ვენახის შესაწამლად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მინდორში არსებულ თხრილში ჩავარდა, მას ტექნიკა გადაბრუნდა და მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

რამაზ ძმანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს ილიაწმინდას საჯარო სკოლა, რომლის კურსდამთავრებულიც იყო რამაზ ძმანაშვილი.

„ღრმა მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს – რამაზ ძმანაშვილს. 

სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატავად, რომელსაც განვიცდით. უდროოდ და ტრაგიკულად შეწყდა ერთი საუკეთესო ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე.

რამაზი იყო საოცრად თავაზიანი, მოწესრიგებული, გულისხმიერი, მშრომელი, მეგობრული, სანდო და საიმედო ახალგაზრდა, რომელიც სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა თანატოლებსა თუ მასწავლებლებში. მისი კეთილი ღიმილი, ადამიანური დამოკიდებულება ყველას სითბოს და სიხარულს ჰგვრიდა.

ვიზიარებთ ამ უმძიმეს მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და მთელ სოფელს. რამაზის ნათელი ხსოვნა მარად დარჩება ჩვენს გულებში.

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი“, – წერია ილიაწმინდას საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები