LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერა ბერკლის უნივერსიტეტში გავაკეთე მეგობრებთან ერთად” – ლიზა ჩხაიძე „არტ-FM“-ში

85
ლიზა-ჩხაიძე

7 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მომღერალი ლიზა ჩხაიძე სტუმრობდა ახალი სიმღერების პრემიერით.

– როგორ შეიქმნა სიმღერა?

– სიმღერა ბერკლის უნივერსიტეტში გავაკეთე მეგობრებთან ერთად. სპონტანურად ვიკრიბებოდით, მუსიკას ვწერდით და ვმღეროდით, მერე კი, ბენდის შექმნა გადავწყვიტეთ და სამი მეგობარი გავერთიანდით. სამივეს რადიკალურად განსხვავებული გემოვნება და პროფესია გვაქვს, რადგან ერთი დიჯეი და პროდიუსერია, მეორე ჯაზ-პიანისტი, მე კი, ყველაფერი დანარჩენი შევითავსე. ჯგუფს „ნიაგარა“ დავარქვით, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა პირველი იფი ანუ მცირე ალბომი, რომელიც მხოლოდ 4 სიმღერისგან შედგება, ამიტომ სექტემბრისთვის სრულფასოვანი ალბომის გამოშვება გადავწყვიტეთ. ჩვენი მენეჯერის რჩევით ინტენსიურად ვაწყობთ ცოცხალ გამოსვლებს, რამდენიმე კონცერტი უკვე გვქონდა ბოსტონში, თბილისში კი, მომავალი წლის ფესტივალებში მივიღებთ მონაწილეობას.

– რამდენიმე დღის წინ „ფორბსის“ პრემია მიიღე, კონკრეტულად რას გულისხმობს ჯილდო?

– მართლაც დიდი პატივია მსგავსი პრემიის მიღება. ჯილდო იმ პერსპექტიულ ახალგაზრდებს გადაეცემა 30 წლამდე, ვინც საკუთარ სფეროში მიაღწია წარმატებას. მე პრემია კულტურისა და სტილის ნომინაციაში გადმომცეს და ძალიან გამიხარდა.

– როგორ იქმნება კინომუსიკა?

– ყველას თავისი მეთოდი აქვს. მე მხოლოდ ვსწავლობ, ამიტომ მსგავსი შეთავაზება არ მიმიღია, თუმცა მაინც უარს ვიტყოდი, რადგან ვფიქრობ, რომ ჯერ არ მაქვს საკმარისი ცოდნა.

– რომელ რეჟისორთან ნატრობ მუშაობას?

– სიამოვნებით ვიმუშავებდი ლარს ფონ ტრიერთან.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

– პირველ რიგში, ბერკლიში უნდა დავამთავრო სწავლა, მერე ალბათ ამერიკაში მოვძებნი სამუშაოს, გამოცდილების შეძენის შემდეგ კი, ევროპაში გადავინაცვლებ.

– რამდენად ხშირად მიმართავ ქართულ ფოლკლორს საკუთარი მუსიკის შექმნისას?

– ფოლკლორი ჩვენი გენია, ძალიან მდიდარი, მრავალფეროვანი შემოქმედება გვაქვს და ნებისმიერ მუსიკალურ ჟანრს ერგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები