პედიატრმა თემურ მიქელაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ეპიდსიტუაციის შედეგად ბავშვებში აღმოჩენილ პრობლემებზე ისაუბრა. ცნობილი პედიატრის თქმით, სასურველია დიდ ქალაქებში სკოლები თვის ბოლოს გაიხსნას, რადგან სახლში ჯდომით გამოწვეული შედეგები საგანგაშოა.
მიქელაძის განცხადებით, მკვეთრად იმატა ბავშვებში აგრესიულობამ, აღგზნებადობამ, უძილობამ, საგნის დასწავლების უნარის დაქვეითებამ და ასევე, იმატა სიმსუქნის მაჩვენებელმა.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციას თუ დააკვირდებით, 3-დან 4,5%-მდე მერყეობს დიაგნოსტირების შემთხვევები. ყოველდღიურად დაახლოებით, 15 000-დან 20 ათასამდე ტესტი ტარდება. თუ ასე გაგრძელდა, თვის ბოლოს დიდ ქალაქებში ალბათ, სასურველია, რომ სკოლები გაიხსნას. საკმაოდ რთულია ონლაინ მიჯაჭვულობა, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც სწავლასთან არ არის დაკავშირებული. იქ არის სხვადასხა აგრესიული თამაშები, აურაცხელი შავი მასალა, რომელიც ბავშვებს სწრაფად იზიდავს და მშობლებს ბინის პირობებში მათი მართვა საკმაოდ უჭირთ.
პირველ რიგში, გაჩნდა სხვადასხვა პრობლემები, როგორიც არის მაგალითად, სიმსუქნე. ბავშვებმა უკვე მკვეთრად მოიმატეს წონაში. გარდა ამისა, არის აღგზნებადობა, უძილობა, რაც დაკავშირებულია როგორც ეკრანდამოკიდებულებასთან, ასევე ბინის პირობებში გამოკეტვასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, მეორე დღეს ეს ბავშვები გამოუძინებლები, დასტრესილები არიან, აქვთ საგნის შესწავლის ან ათვისების პრობლემა. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დღის განმავლობაში სამჯერ მაინც გავიდნენ ბავშვები გარეთ.
გარდა ამისა, ბავშვებიდან წამოვიდა უკვე ზედმეტი აგრესია, რაც შემდეგში საკმაოდ რთული სამართავია. შეიძლება კორონავირუსული ინფექცია მარტივად მიმდინარეობდეს და ბავშვთა უმრავლესობა ვირუსს უპრობლემოდ გადაიტანს, მაგრამ ნეიროფსიქიატრიული პრობლემების მოგვარება მერწმუნეთ, საკმაოდ რთულია. მას შესაძლოა, რამდენიმე თვე და წლებიც კი დასჭირდეს.
ამ საფრთხის წინაშე უკვე დგანან განსაკუთრებით თინეიჯერობის ასაკის ბავშვები. გახსნასთან ერთად აუცილებელია, რომ სკოლებმა და სხვადასხვა დაწესებულებებმა მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენური ნორმები, რამეთუ მათი დაცვით, ჩვენ არა მხოლოდ კორონავირუსს, არამედ სხვა ვირუსულ ინფექციებსაც თავიდან ვირიდებთ“.-განაცხადა მიქელაძემ.