LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სისხლიან გარჩევას ძალიან ბევრი თვითმხილველი ჰყავდა.. საკრებულოს უმრავლესობის წევრები ფიგურირებენ” – წითლიძე შს მინისტრს მოუწოდებს, წალენჯიხაში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყოს

112
ანა წითლიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე შინაგან საქმეთა მინისტრს, მიმართავს და მოუწოდებს, უწყებამ გამოძიება დაიწყოს რამდენიმე დღის წინ, წალენჯიხაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რომელშიც, მისი თქმით, ფიგურირებენ წალენჯიხის საკრებულოს წევრები “ქართული ოცნებიდან”.

როგორც წითლიძე აცხადებს, ის მზად არის, მომხდართან დაკავშირებით ჩვენება მისცეს.

წითლიძის თქმით, წალენჯიხის საკრებულოს წევრებმა რამდენიმე დღის წინ, ქალაქის ცენტრში ერთ-ერთი მოქალაქე სცემეს და დაჭრეს, საგამოძიებო უწყებას კი გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია:

“რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში მე განცხადება გავაკეთე და კონკრეტულ ფაქტზე ვისაუბრე, როგორ მოხდა წალენჯიხის ცენტრში სისხლიანი გარჩევა და როგორ სცემა საკრებულოს წევრმა და ფრაქციის თავმჯდომარემ “ქართული ოცნებიდან” დათო ბელქანიამ, „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარესთან, გოგა გულორდავასთან ერთად ადგილობრივი მოსახლე მერაბ კვარაცხელია, მხოლოდ იმის გამო, რომ წალენჯიხის ერთ-ერთი სტრატეგიული მიწა, რომელიც წალენჯიხელების საკუთრება უნდა ყოფილიყო, კორუფციული გარიგებით სწორედ ბელქანიას და გოგა გულორდავას მფლობელობაში მოხვდა.

სისხლიან გარჩევას წალენჯიხაში ძალიან ბევრი თვითმხილველი ჰყავდა. მძიმეა მერაბ კვარაცხელიას მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისხლიანი გარჩევა ქალაქის ცენტრში, „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრების მონაწილეობით მოხდა, ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას დღემდე არ დაუწყია გამოძიება და დაკავებული არც ერთ პირი არ არის.

მე მინდა შინაგან საქმეთა მინისტრს მივმართო – მე, საქართველოს პარლამენტის წევრი, მზად ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენება მივცე, ყველა კონკრეტული ფაქტი და ინფორმაცია მივაწოდო, რაც მე ამ საკითხთან დაკავშირებით მაქვს. მზად ვარ დაკითხვაზე მოვიდე, რომ ამ ქვეყანაში არ ხდებოდეს ისე, რომ „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები დღისით, მზისით ქალაქის ცენტრში სისხლიან გარჩევებს აწყობდნენ, ადამიანებს ჭრიდნენ და მათ სასიკვდილოდ სცემდნენ”, – თქვა წითლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები