LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სივრცესეული“ – როგორ იქცა ქალაქგარეთ ცხოვრების არჩევანი წარმატებულ საქმედ

547
სივრცესეული

ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი იდეები მაშინ იბადება, როცა ადამიანი უბრალოდ ცხოვრების სტილის შეცვლას ცდილობს – თუკი თავდაპირველად ეძებ ადგილს საკუთარი სიმშვიდისა და ახლობლებთან ერთად დროის გასატარებლად, ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ ქალაქგარეთ ცხოვრების სურვილი ისეთ წამოწყებად იქცა, რომელმაც ბუნებასთან სიახლოვე, ოჯახური ღირებულებები და მასპინძლობის კულტურა ერთ კონცეფციაში გააერთიანა.

ლელა სახამბერიძე, საღონისძიებო სივრცის „სივრცესეული“ დამფუძნებელი:

– პანდემიის პერიოდი იყო, როცა ჩემს მეუღლეს გაუჩნდა იდეა, თბილისთან ახლოს შეგვეძინა მიწის ნაკვეთი, სადაც დავსახლდებოდით და არ დავკარგავდით კავშირს, უპირველესად, საკუთარ თავთან და შემდეგ ბუნებასთან. ასე აღმოვჩნდით საგურამოსთან ძალიან ახლოს, 4-5 წუთის სავალ გზაზე მდებარე სოფელ გალავანში, სადაც ულამაზესი ხედებია, ჩამოედინება მდინარე.

მეუღლემ, თავდაპირველად, ვაზის გაშენება გადაწყვიტა (დღემდე თავად ვუვლით ამ ბიოვენახს, სადაც სამი ჯიშის ვაზი გვაქვს), შემდეგ კი მარნის გაკეთება და მის თავზე სახლის აშენების იდეა გაჩნდა. მაგრამ არ გვინდოდა, რომ ეს სახლი ყოფილიყო სტანდარტული, გვინდოდა, მას წარსულთან ჰქონოდა კავშირი, გაეცოცხლებინა მოგონებები ბებიასეულ სახლზე, რისთვისაც წავედით ტყიბულში, შევიძინეთ ასწლოვანი ხის სახლი, დავშალეთ, ჩამოვიტანეთ და ავაწყვეთ.

ვეცადეთ შიგნითაც ავთენტური გარემო შეგვენარჩუნებინა, ძველი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლე გვეჩუქებინა. მე და ჩემმა მეუღლემ და ჩვენმა შვილებმა საკუთარი ხელით ვაკეთეთ თითქმის ყველაფერი. შედეგად, იმდენად ლამაზი გარემო მოეწყო, რომ უცხო ადამიანები მოდიოდნენ ჩვენთან და გვეკითხებოდნენ, რაიმე ღონისძიების მოწყობა თუ შეიძლებოდა ჩვენთან, განსაკუთრებით გარე სივრცეში. თავდაპირველად ყველას უარით ვისტუმრებდით, თუმცა ორი წლის წინ ერთმა ქალბატონმა ძალიან მთხოვა, შვილი უცხოეთში ცხოვრობს და ძალიან მინდა მისი ქორწილი თქვენს სივრცეში გადავიხადოო. ამ იდეამ იმდენად მომხიბლა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიების დაგეგმვის არც სათანადო გამოცდილება მქონდა და არც იმდენი ინვენტარი, 150 ადამიანისთვის მემასპინძლა, დავთანხმდი და ამ ქალბატონის აქტიური ჩართულობით, ქორწილი ჩვენთან, ღია სივრცეში შედგა. იმდენად ლამაზი ქორწილი გამოვიდა და ისე ვისიამოვნე საორგანიზაციო საქმიანობით, რომ მივხვდი, ეს იყო ის საქმე, რომლის კეთებაც მინდოდა, ალბათ, მთელი ცხოვრება.

მას შემდეგ „სივრცესეულის“ მიმართ ინტერესი არ განელებულა, სტუმრების ნაკადი არ იკლებს, განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში. ჩვენთან მოსული სტუმარი გრძნობს იმ აურას, იმ ემოციებს და იმ ღირებულებებს, რომელსაც მთელი ჩვენი ოჯახი ვდებთ საქმეში. ეს არის, ალბათ, წარსულის და აწმყოს იდეალური შერწყმა.

ნებისმიერი სტუმარი, რომელიც ჩვენთან მოდის, არ მინდა თავს ისე გრძნობდეს, როგორც სტანდარტულ რესტორანში, მინდა თავს გრძნობდეს მისეულად. სახელიც სწორედ აქედან მომდინარეობს. როცა ჩვენი სივრცის მხოლოდ დასათვალიერებლად მოდიოდნენ ადამიანები, ზოგი ამბობდა, როგორი ბებიასეული სახლია, ზოგი – ბაბუასეული კარ-მიდამოა. რესტორანშიც საკვები მხოლოდ ქართული, ავთენტური გვაქვს, სახლისეული. და რადგანაც ჩვენი სახლი და ეზო ბევრს ტკბილ მოგონებებს აღუძრავდა, გადავწყვიტეთ დაგვერქმია „სივრცესეული“. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩვენთან გადაიხდის წვეულებას, ის დღე ხდება მისეული.

„სივრცესეულში“ ჯერჯერობით სტუმრებს მხოლოდ წინასწარი ჯავშნებით ვმასპინძლობთ. ვაწყობთ ისეთ დიდ ღონისძიებებს, როგორებიცაა დაბადების დღე, კორპორაციული წვეულებები, ნიშნობა, ქორწილი, ნათლობა და ა.შ. თუმცა 2027 წლის გაზაფხულიდან ვგეგმავთ, რომ ყოველდღიურად იყოს ჩვენი სივრცე ღია ნებისმიერი სტუმრისთვის და ისინი მივიღოთ ყოველგვარი წინასწარი ჯავშნის გარეშე.

„სივრცესეული“ აერთიანებს ღია და დახურულ სივრცეებს. დახურული სივრცე, დაახლოებით, 60-70 სტუმარზეა გათვლილი, ღია სივრცეში კი 300-350 ადამიანისთვისაც გვიმასპინძლია. აქვე აღვნიშნავ, რომ სივრცის დაჯავშნის შემდეგ ობიექტი იხურება იმ კონკრეტული პირის, თუ პირების ღონისძიებისთვის და იქმნება მყუდრო გარემო. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, სასურველია, რომ ღია, თუ დახურული სივრცე 1 თვით ადრე მაინც დაიჯავშნოს, რისთვისაც ადვილად მოგვძებნით სოციალურ ქსელებში – ფეისბუკზე, ინსტაგრამსა და ტიკ-ტოკზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები