LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში 500-ზე მეტი ვაკანსია გამოცხადდა – ახალი პედაგოგები მუშაობას სექტემბრიდან შეუდგებიან

832
shutterstock-247119685

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის რამდენიმე თვის წინანდელი ინიციატივის მიხედვით, ამ დროისთვის საპენსიო ასაკის 5 ათასზე მეტმა პედაგოგმა გადაწყვიტა პროფესიიდან გასვლა. ეს ინიციატივა ჩანასახშივე გულისხმობდა სკოლებში ადგილების გამოთავისუფლებას. რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლებში სექტემბრიდან საპენსიო ასაკის პედაგოგების ნაცვლად ახალი პედაგოგები ასწავლიან.

ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, 500-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული. 500-ვე ვაკანსიაზე პედაგოგების დასაქმება ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის უნდა მოხდეს.

როგორც “ფორტუნას” “მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელის მოადგილემ მანანა რატიანმა განუცხადა, სკოლას ახალგაზრდებიც შეემატებიან, თავიანთი ახლებური ხედვებით.

“პენსიონერი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს შეთავაზებით წელს სკოლებში ვაკანსიები გამოჩნდა (ამ ეტაპისთვის 500), რაც აქამდე იშვიათობა იყო. ასე რომ, მასწავლებლობის მსურველებო, დარეგისტრირდით საიტზე, დროულად მოიძიეთ საჭირო დოკუმენტაცია კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად, ვადები შეზღუდულია. 5000-ზე მეტს უკვე აქვს ჯილდოზე განცხადება დაწერილი, მაგრამ ამდენი ვაკანსია არ იქნება. არასრულ დატვირთვაზე ვინც იყვნენ, პირველ რიგში ისინი იხეირებენ და მათი საათები დაიტვირთება. ახალგაზრდებიც შეემატებიან სკოლებს და გარემოს გამოაცოცხლებენ თავიანთი ახლებური ხედვებით და ენერგიით,” – აღნიშნა მანანა რატიანმა.

მისივე თქმით, ყოველი გასული პედაგოგი არ ნიშნავს, ერთ ვაკანსიას.

საპენსიო ასაკის პედაგოგების პროფესიიდან გასვლის შესახებ განცხადებების მიღება უკვე დასრულდა. ახლა იწყება მეორე ეტაპი, გამოთავისუფლებულ ადგილზე ვაკანსიების დადება და შემდეგ უკვე პედაგოგების მოძიება.

მინისტრის ბრძანებით, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია, მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის პროცედურები და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი დამტკიცდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლობის მაძიებლად რეგისტრაციის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. მას არ მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხის ფლობა, ასევე, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების ქონა.

როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველი პირი რეგისტრაციას გადის ელექტრონულ სისტემაში (pedagogi.ge), სადაც ასახავს ინფორმაციას პირადი მონაცემების შესახებ. ცენტრი ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველ პირებს ელექტრონულად აწვდის ინფორმაციას საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ელექტრონულ სისტემაში განთავსებული მასწავლებლობის მაძიებლის ვაკანსიის/ვაკანსიების შესახებ.

მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველი პირი მასწავლებლობის მაძიებელთა სასურველ ვაკანსიაზე განაცხადს ავსებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით და ტვირთავს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით არანაკლებ ბაკალავრის დიპლომი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის შემთხვევაში);
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • ერთი ფოტოსურათი (ზომით 3X4).

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის შერჩევა ხდება კონკურსის წესით.

მასწავლებლობის მაძიებელი ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში, შეარჩიოს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის გავლის მისთვის სასურველი პერიოდი და გრაფიკი.

“მასწავლებლობის მაძიებელი ვალდებულია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებისა და მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებიდან 2 წლის განმავლობაში”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

რას მოიცავს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა:

მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა შედგება ორი კურსისგან:

  • აკადემიური კურსი;
  • პედაგოგიური პრაქტიკის კურსი.

ამავე ბრძანებაში საუბარია მასწავლებლობის მაძიებლის შეფასების სიტემაზე და სერტიფიკატის გაცემის წესზე: “სკოლის დირექტორი, მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის პედაგოგიური პრაქტიკის კურსის დასრულების შემდგომ, აფასებს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განთავსებულ დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლობის მაძიებლის მიერ პედაგოგიური პრაქტიკის კურსის გავლის დადებითად ან უარყოფითად შეფასების შესახებ, რის შესახებაც წერილობითი ფორმით მიმართავს ცენტრს.

ცენტრის დირექტორი გადაწყვეტილებას მასწავლებლის მაძიებლობის პერიოდის წარმატებით გავლის შესახებ იღებს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის შემადგენელი აკადემიური და პედაგოგიური პრაქტიკის კურსების შეფასების შედეგების საფუძველზე”.

მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამის დასრულების შედეგად მასწავლებლობის მაძიებელი იღებს სერტიფიკატს.

magti 5g