LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა 34%-ით შემცირდა: განათლების სამინისტრო

89
სკოლა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა 34%-ით შემცირდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოსალოდნელია, რომ მონაცემები კიდევ შემცირდება.

მათივე ცნობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვადასხვა უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირებისა და განათლების სისტემაში ჩართვის მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

უწყების განცხადებით, უახლესი მონაცემებით, ბენეფიციარებთან სოციალური მუშაკების ინტენსიური მუშაობის, სხვადასხვა უწყების მონაცემთა ბაზების შედარებისა და აღმოფხვრილი შეუსაბამობების შედეგად, ასევე პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის მონაცემების გათვალისწინებით, სკოლის მიღმა დარჩენილ პირთა რიცხვი დღეის მდგომარეობით 6,885-მდე შემცირდა.

„მნიშვნელოვანია, რომ 1000-ზე მეტმა ბავშვმა უკვე გაიარა რეგისტრაცია და სექტემბრიდან სასწავლო პროცესს  შემოუერთდებიან. გარდა ამისა, მონაცემთა საგრძნობი შემცირება უცხოელ პირებთან აღრიცხვის პრობლემების მოწესრიგებამ განაპირობა, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფი იმ ბავშვების გამოვლენამ, რომლებიც საზღვარგარეთ დაიბადნენ, თუმცა საქართველოს მოქალაქეები არიან,“ – აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, პირველკლასელთა რეგისტრაციის III (საყოველთაო) და IV ეტაპებზე მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე მოსალოდნელია, რომ მონაცემები კიდევ შემცირდება და რეალურ ოდენობას დაუახლოვდება.

გარდა ამისა, როგორც სამინისტროში ამბობენ, ამ ეტაპზე არსებულ სურათს სოციალური მუშაკების ინტენსიური მუშაობა შეცვლის, რომელთა მიზანს მოზარდთა ფორმალურ განათლებაში ჩართვა წარმოადგენს.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზანია, პირველ რიგში, იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომელთა განათლების უფლება დარღვეულია და მათთვის შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ასევე, ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს შესაძლებლობას  მისცემს, უფრო მოქნილად გაცვალონ ინფორმაცია და დროულად გამოავლინონ ის ბავშვები, რომლებიც 6 წლის ასაკში განათლების სისტემის მიღმა დარჩებიან,“ – ვკითხულობთ უწყების განცხადების ტექსტში.

განათლების სამინისტროს ცნობით, მარტში გამოქვეყნებული პირველადი შედეგებით, გამოვლინდა 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდი (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 1,7%), რომლებსაც არ აქვთ საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში. მათივე განცხადებით, მომდევნო ეტაპზე, ეს მონაცემი 9 200-მდე შემცირდა.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები აქამდე არ არსებობდა, ასევე არ არსებობდა რაიმე გეგმა ან მექანიზმი საგანმანათლებლო გარემოში მათ დასაბრუნებლად“, – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები