საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში კორონავირუსთან დაკავშირებით “ერთდღიანი” კარანტინი გამოცხადდა. დღეს დილას სამსახურში მისული თანამშრომლები უკან დააბრუნეს. დილიდანვე მიმდინარეობს შენობის სრული სადეზინფექციო სამუშაოები.
“ფორტუნას” ინფორმაციით, სამინისტროს თანამშრომლის ნათესავს გუშინ “კოვიდ-19” დაუდასტურდა, სწორედ ამ მიზნით, უწყება პრევენციისთვის, ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილ რეკომენდაციებს იცავს.
ინფორმაციას თანამშრომლის ნათესავის დაინფიცირებასთან დაკავშირებით არ ადასტურებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამასახურის ცნობით, უწყებათშორისი კომისიის გადაწყვეტილებით სახელმწიფო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები მორიგეობით ტარდება. პრესსამსახურის ცნობით, დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობის “დეზინფექციის დღე” იყო.
სატელეფონო საუბარში სამინისტროში განმარტავენ, რომ სპეციალური ხსნარით შენობის დამუშავება სამუშაო დღეს შემთხვევით დაემთხვა, ამიტომ მოხდა თანამშრომლების დროებით, ერთი დღით გათავისუფლება.
“ფორტუნასთან” სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი განმარტავს, რომ მათ წინასწარ, დროებით სამუშაო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, გაფრთხილება არ მიუღიათ. მათ ამის შესახებ მაშინ გაიგეს, როცა დაცვამ ისინი შენობაში არ შეუშვა. ერთ-ერთმა თანამშრომელმა სამსახურიდან დროებით გათავისუფლების მიზეზად სამინისტროში გამოცხადებული კარანტინი დაასახელა.
რაც შეეხება სამუშაო პროცესის გაგრძელებას, სამინისტროს ინფორმაციით, 9 მარტიდან, ანუ ორშაბათიდან, უწყება ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და ყველა თანამშრომელი სამსახურში გამოცხადდება.
კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა