სტამბოლის ტური უფასოდ – თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines-ი მომხმარებელს სპეციალურ აქციას სთავაზობს. აქცია ვრცელდება იმ მგზავრებზე, რომლებსაც აეროპორტში მოცდა 6 სააათზე მეტხანს უწევთ.
როგორც ”ფორტუნას” Turkish Airlines-ის საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს, ამ აქციას ავიაკომპანია მომხმარებელს უკვე წლებია სთავაზობს. აქციით სარგებლობისთვის კი საჭიროა, რომ მგზავრს ტრანზიტული ბილეთი ჰქონდეს. ამასთან, აუცილებელია მგზავრის ლოდინის პერიოდი არ აღემატებოდეს 24 საათს, ის უნდა მგზავრობდეს ავიაკომპანიის რეისით ორივე გზაზე და იმყოფებოდეს ათათურქის აეროპორტში.
,,ტრანზიტულ მგზავრებს, რომელთაც ფრენა იმავე დღეს აქვთ, შეუძლიათ დრო უფასო სასტუმროში გაატარონ, მათ ასევე შეუძლიათ აირჩიონ ქალაქის დათვალიერებაც. ეკონომ-კლასის ბილეთის ქონის შემთხვევაში, აქციით სარგებლობა შესაძლებელია, თუ მოცდა 10 საათი მაინც გიწევთ. ანალოგიური აქცია ბიზნეს კლასის ბილეთის მქონე მგზავრებზე კი 6 საათის მოცდის შემთხვევაში ვრცელდება”, – აღნიშნეს Turkish Airlines-ში.
მათივე ინფორმაციით, ის ვინც სასტუმროში განთავსებას, სტამბოლის დათვალიერებას არჩევს, უნდა გაითვალისწინოს, რომ ქალაქის ტური სულ მცირე 3 საათიანია. არის ასევე ტურები, რომლებიც დილის 9-დან საღამოს 6 სააათამდე გრძელდება, ასევე სრულიად უფასოდ, დამატებითი თანხის გადახდის გარეშე. მგზავრებს ინგლისურენოვანი გიდი უწევს მეგზურობას. ტური მოიცავს მუზეუმებს, ისტორიულ ადგილებსა და რელიგიურ დაწესებულებებს.
როგორც Turkish Airlines-ის საქართველოს წარმომადგენლობაში ამბობენ, კომპანიისთვის 2017 წელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან Turkish Airlines თბილისის მიმართულების გახსნის 20 წლისთავს აღნიშნავს.
”ამ თარიღთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე მომხმარებლისთვის. საქართველოდან დავამატეთ ახალი მიმართულებები, რომლებიც ქართული ბაზრისთვის აქტუალურია. ეს მიმართულებებია: სეიშელის კუნძულები, მადაგასკარი, მავრიკია, ზანზიბარი, კუბა, კარაკასი (ვენესუელა), ხოლო უახლოეს მომავალში კი Turkish Airlines-ი გეგმავს რეისების გახსნას ფჰუქეტისა და მეხიკოს მიმართულებითაც”, – განმარტეს ავიაკომპანიაში.
შეგახსენებთ, თურქული ავიაკომპანია ჩვენს ქვეყანაში 1997 წლიდან დაფრინავს და ყოველდღიურად სრულდება 4 რეისი სტამბოლის მიმართულებით – სამი ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო ერთიც საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში. ჯამში, საქართველოდან სტამბოლის გავლით, შესაძლებელია 296 მიმართულებით გაფრენა.