LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტრასბურგის გადაწყვეტილებით ჩემთვის ფაქტობრივი მოცემულობა არ იცვლება.. ხან წააგებ, ხან მოიგებ – საკუთარ თავთან და ჩემი ქვეყნის მომავალთან მართალი ვარ“ – ნიკა მელია

195
ნიკა მელია

„სტრასბურგის გადაწყვეტილებით ჩემთვის ფაქტობრივი მოცემულობა არ იცვლება, სარჩელი როცა შეგაქვს, ხან წააგებ, ხან მოიგებ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა და თქვა, რომ 2019 წლის ივნისში მიმდინარე პროცესების დროს საკუთარ ქმედებას არ ნანობს.

მისივე თქმით, ხვალაც აბსოლუტურად იმავეს გააკეთებდა და ეს იყო მისი წრფელი დამოკიდებულება პროცესებისადმი.

„ერთი წამითაც არ ვნანობ იმასთან დაკავშირებით, რაც 2019 წელს ივნისის დღეებში მოხდა. ერთ-ერთი უამრავი პატრიოტი ქართველთაგანი ვიყავი და ვაპროტესტებდი გავრილოვის ძალიან აღვირახსნილ ქმედებას, რომელმაც გაბედა და რუსულად წარმოთქვა სიტყვა პრაქტიკულად იმ ადგილიდან, საიდანაც ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა ისტორიული სიტყვები და სახელმწიფო გახდა დამოუკიდებელი.

რაც შეეხება სტრასბურგში სარჩელის წაგებას და არწაგებას, ჩემთვის ფაქტობრივი მოცემულობა არ იცვლება, სტრასბურგში როდესაც სარჩელი შეგაქვს, ხან წააგებ, ხან მოიგებ. კარგი იქნებოდა, მოგვეგო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეიძლება ინანო და ჩათვალო, რომ არასწორად მოიქეცი იმ დღეებში, იმ პერიოდში.

პირიქით, ხვალაც რომ მოხდეს – თუმცა ეს ვერ უნდა მოხდეს, ანალოგიურად მოვიქცევი. ფიქრობთ, რაც მაშინ მოხდა, ის ნორმალური იყო? არ იყო ნორმალური. საკუთარ თავთან და ჩემი ქვეყნის მომავალთან ვარ მართალი.

როდესაც ხელისუფლება ბედავს იმას, რაც მაშინ გაბედა და რასაც ბედავდა შემდეგ, რუსული კანონისთვის ხმის მიცემას, პროტესტი ყოველთვის იქნება, თუნდაც სასამართლომ სარჩელი დაგიკმაყოფილოს ან არ დაგიკმაყოფილოს.

დარწმუნებული ვარ, ხვალაც აბსოლუტურად იმავეს გავაკეთებდი, ეს იყო ჩემი წრფელი დამოკიდებულება პროცესებისადმი“. – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება 7 სექტემბერს გამოაქვეყნა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები