„სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდება ის სისასტიკე, სადიზმი და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს.
მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავენ, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, ისე ცალკეული ქვეყნის წარმომადგენლებთან.
„ქართული ოპოზიციის ლიდერები მიწვეულები არიან სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეაზე, PACE-ს ხელმძღვანელობის სპეციალური მიწვევით, სადაც კიდევ ერთხელ გაჟღერდება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ის სისასტიკე, სადიზმი და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. შეხვედრები იქნება დიდ ფორმატში – საპარლამენტო ასამბლეის გენერალური შეხვედრის ფორმატში, ასევე ცალკეული ქვეყნის დელეგაციებმა გამოთქვეს სურვილი, რომ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო მათთვის პრიორიტეტულია და არ შეეგუებიან საქართველოში დემოკრატიის დასამარებას და საქართველოში რუსული რეჟიმის გაძლიერებას“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ასევე სერგო ჩიხლაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლები, ვერ ისარგებლებენ დიპლომატიური პასპორტებით ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელად და მათ გარკვეული სავიზო შეზღუდვები დაუწესდეთ – ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბერში იქნა მიღებული. ახლა მიმდინარეობს პრაქტიკული და ტექნიკური აღსრულება, სავარაუდოდ თებერვალში შევა ძალაში, თუმცა ასევე ვნახეთ ინდივიდუალური ქვეყნების გადაწყვეტილება კონკრეტული პირების მიმართ, რომ ვეღარ შევლენ მაგალითად, გერმანიაში, ბალტიისპირეთში და ამ ქვეყნების სიაც გაფართოვდება“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.