იაპონურ ავტოკომპანია „სუძუკსა“ და გერმანულ „ფოლკსვაგენს“ შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, როდესაც იაპონურმა მხარემ განაცხადა, რომ გერმანელები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებდნენ. შესაბამისად იაპონელებმა კონტრაქტის გადახედვაც დაუყოვნებლივ მოითხოვეს, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ არბიტრაჟის ჩარევის შემდეგ მოხდა.
როგორც ცნობილი გახდა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა სასამართლო ვერდიქტი იაპონური კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანეს. რის შედეგადაც „ფოლკსვაგენს“ მოუწევს გაყიდოს „სუძუკის“ აქციების 19,9%.
შეგახსენებთ, რომ იაპონური ავტოკომპანია უკმაყოფილო იყო იმით, რომ გერმანელები მათ ექცეოდნენ ისე, როგორც შვილობილ კომპანიას და გარდა ამისა, უარი განაცხადეს თანამედროვე ტექნოლოგიების გაცვლაზე. რითაც როგორც „სუძუკის“ მესვეურები ამბობენ, დაარღვიეს კონტრაქტის პირობები.
სასამართლო ვერდიქტის შემდეგ, იაპონური კომპანია 400 მილიარდ იენს მიიღებს, რაც 3,3 მილიარდ დოლარს უდრის და ამასთან ერთად დაიბრუნებს იმ აქციებს, რომელიც „ფოლკსვაგენს“ ჰქონდა შესყიდული.