LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ოქროპირიძე: „მაქვს უნარი, ნეგატიური პერიოდი დავივიწყო, დავბლოკო, სხვანაირად არ გამოვა, მე ხომ ოთხ შვილს ვზრდი…“

681
თამარ-ოქროპირიძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია, მომღერალი, რადიოწამყვანი თაკო ოქროპირიძე.

თაკო, გაიხსენე შენი ბავშვობა…

ფანტასტიკური ბავშვობა მქონდა და მუდამ მივტირი. ყველა მგულშემატკივრობდა. ყველამ იცოდა, რომ სკოლა 9 კლასის შემდეგ უნდა დამეტოვებინა, რათა სწავლა მუსიკალურ სასწავლებელში გამეგრძელებინა. ჩავაბარე საფორტეპიანოზე და ჩემმა მასწავლებელმა შემომთავაზა, მოდი, “გორის ქალთა კამერულ გუნდშიც” ვცადოთ, რა გამოვაო. პირველივე დღესვე სოპრანოებს შორის მოვხვდი. ჩემთან ერთად შეიქმნა „გორის ქალთა კამერული გუნდის“ ისტორია და ძალიან მიხარია რომ ყოველივე ამის ნაწილი ვარ. ბატონ შალვას ძალიან ვუყვარდი და მასთან ერთად რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნაყოფი. შემდეგ ჩვენი დირიჟორი გახდა მისი მოსწავლე თეონა ცირამუა, რომელმაც ახალი ისტორია დაწერა და ძალიან ბევრი წარმატება მოუტანა გუნდს. ძალიან მიყვარს, სულ ჩემს გვერდში დგას.

ახლა რადიოწამყვანობის შესახებ გვესაუბრე…

2006 წელს მივიღე „ნუცას სკოლაში“ მონაწილეობა, ეს იყო ჩემი ყველაზე ფერადი კონკურსი. 2007 წელს კი „ავტორადიო“ გაიხსნა და დავიწყე მუშაობა, მას შემდეგ აქ ვარ. რადიო „ფორტუნამ“ მძიმე წუთებში ხელი ძალიან შემიწყო. როცა დედა გარდამეცვალა, ეს პერიოდი ძალიან რთულად გადავიტანე. კომპანიაში ადგილი შემინახეს, თანაც, ანაზღაურებით. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, ეს სიკეთე არასდროს მავიწყდება. ის პერიოდი რწმენამ გადამატანინა, საუკეთესო მოძღვარი შემხვდა, მონაზვნად ვაპირებდი აღკვეცას, არაფერი მინდოდა. ჩემმა მოძღვარმა მითხრა, შენ აქ მჭირდებიო. მე ახლა ძლიერი ადამიანი ვარ, პოზიტიურად ვუყურებ მომავალს და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მაქვს უნარი, ნეგატიური პერიოდი დავივიწყო, დავბლოკო, სხვანაირად არ გამოვა, მე 4 შვილს ვზრდი,

როგორი შეგრძნებაა, როცა ქეთი მელუასთან ერთად მღერი?

მასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია, ის ძალიან რბილია. ერთ-ერთ ინტერვიუში „გორის ქალთა კამერული გუნდის“ შესახებ განაცხადა, რომ საოცრად კმაყოფილი დარჩა ჩვენთან თანამშრომლობით.

ოთხი შვილის დედა ხარ, როგორ ასწრებ ყველაფერს?

სკოლაში როცა არიან და ბაღში, მაინც ვრეკავ ხოლმე, რაც შემიძლია, მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებ. მინდა, საუკეთესო ბავშვობა ჰქონდეთ. როგორც დედაჩემმა მოგვიძღვნა ყველაფერი, მეც მინდა ასეთი ვიყო, ასე მოვიქცე.

თაკო, პირად ცხოვრებაზე რისი თქმა შეგიძლია?

ამჟამად ვცხოვრობ მარტო, ოთხ შვილთან ერთად და ძალიან მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ თავს.

სამომავლო გეგმებზე გვესაუბრე…

ახლა ზაფხულია, ვისვენებთ და შემოდგომა კი ზეფანტასტიკური ელოდება გორის ქალთა კამერულ გუნდს, მეტს ვერაფერს გეტყვით ჯერ. ჩვენი სიმღერები უკვე კაფსულაშია და ემზადება მთვარეზე გასაგზავნად. ჩვენი ხმები გალაქტიკაში დარჩება სამუდამოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები