ბრაზილიაში ათასობით მოქალაქემ მობილურ ტელეფონზე ღამის საათებში საგანგებო გაფრთხილება მიიღო, რომელიც მოგვიანებით ყალბი აღმოჩნდა. შეტყობინება ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელით გავრცელდა და ზოგიერთ შემთხვევაში „უცხოპლანეტელთა თავდასხმაზეც“ კი მიუთითებდა, რამაც სოციალურ ქსელებში მყისიერი აჟიოტაჟი და მემების ტალღა გამოიწვია.
ბრაზილიის ხელისუფლების ინფორმაციით, ეროვნული საგანგებო შეტყობინებების სისტემა სავარაუდო კიბერშეტევის სამიზნე გახდა. ინციდენტის შემდეგ პლატფორმა დროებით გათიშეს, ხოლო გამოძიება ფედერალურმა პოლიციამ დაიწყო.
შეტყობინებებმა მოსახლეობის ნაწილი შეაშინა, რადგან „ექსტრემალური განგაშის“ რეჟიმში გაგზავნილი შეტყობინებები ტელეფონებზე მაღალი ხმის სიგნალით ჩნდება და ზოგჯერ ჩუმ რეჟიმსაც კი უვლის გვერდს. სწორედ ამიტომ ბევრმა მოქალაქემ ღამის საათებში მიღებული შეტყობინება რეალურ საფრთხედ აღიქვა.

მალევე სოციალური ქსელები მემებით აივსო. მომხმარებლები ხუმრობდნენ როგორც „უცხოპლანეტელების შეჭრაზე“, ასევე იმაზეც, რომ ქვეყნის საგანგებო შეტყობინებების სისტემის გამოყენება ჰაკერებმა შეძლეს. ბრაზილიური მედიის ცნობით, ინციდენტი ქვეყნის ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა.
ხელისუფლება ამჟამად იძიებს, როგორ მოახერხეს თავდამსხმელებმა სისტემაში შეღწევა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი სისტემები კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს, ამიტომ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.