LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებმა სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აკრძალა

124
ქირიას NEWS შაბლონი (10)

2027 წლის 1-ელი იანვრიდან ნიდერლანდების დაწყებითი და საშუალო სკოლების მოსწავლეებს მობილური ტელეფონებით სარგებლობა მთელი სასწავლო დღის განმავლობაში შეეზღუდებათ. ახალი წესი გავრცელდება არა მხოლოდ გაკვეთილებზე, არამედ შესვენებებზე, სასადილოებსა და სკოლის ეზოებზეც.

ნიდერლანდების მთავრობა არსებული შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს. ქვეყანაში უკვე მოქმედებს რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, გაკვეთილების დროს მობილური ტელეფონების, პლანშეტებისა და ჭკვიანი საათების გამოყენება დაუშვებელია. თუმცა, მოსწავლეებს შესვენებების დროს მოწყობილობებით სარგებლობა კვლავ შეუძლიათ. ახალი ინიციატივის მიზანია, შეზღუდვა ყველა სკოლაში მთელი სასწავლო დღის განმავლობაში გავრცელდეს.

გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობაზე ციფრული მოწყობილობების გავლენაა. სპეციალისტები ელექტრონული მოწყობილობების გადაჭარბებულ გამოყენებას ძილის დარღვევას, დაღლილობას, თავის ტკივილსა და კონცენტრაციის პრობლემებს უკავშირებენ. გამოცემის ცნობით, მოზარდების თითქმის ნახევარი, რომლებიც ეკრანთან განსაკუთრებით დიდ დროს ატარებენ, დაღლილობასა და ძილის პრობლემებს უჩივის.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სოციალური ქსელების გავლენაც. ალგორითმები მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს ახალ ვიდეოებსა და პუბლიკაციებს, რის გამოც ბავშვებს ხშირად უჭირთ ტელეფონის გადადება და ონლაინ სივრციდან გამოსვლა. ამასთან, ინტერნეტში მოზარდები შეიძლება წააწყდნენ კიბერბულინგს, არასასურველ კონტაქტებს, ყალბ ინფორმაციასა და ისეთ მასალებს, რომლებმაც შესაძლოა შფოთვა, დეპრესია ან კვებითი ქცევის დარღვევები გამოიწვიოს.

გამოცემის თანახმად, ევროკავშირში გამოკითხული მოზარდების უმრავლესობამ ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტში ერთხელ მაინც ნახა ისეთი მასალა, რომელმაც შეაშინა ან ემოციურად დაამძიმა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მონაცემებით, 2018-2022 წლებში სოციალურ ქსელებზე პრობლემური დამოკიდებულების ნიშნების მქონე მოზარდების წილი 7%-დან 11%-მდე გაიზარდა. ამ კატეგორიაში შედიან მოზარდები, რომლებსაც უჭირთ ინტერნეტში გატარებული დროის კონტროლი, სოციალური ქსელების გარეშე დისკომფორტს განიცდიან და სხვა საქმიანობებს უგულებელყოფენ.

ევროკავშირის ქვეყნებში მოზარდები ჩვეულებრივ სასწავლო დღეს ეკრანებთან საშუალოდ 4,5 საათს ატარებენ, დასვენების დღეებში კი ეს მაჩვენებელი 6,1 საათამდე იზრდება. მონაცემების მიხედვით, ყოველი მეოთხე მოზარდი სასწავლო დღეებში ეკრანს ექვს საათზე მეტხანს უყურებს.

ნიდერლანდებში დაგეგმილი ცვლილებები ბავშვების ონლაინ უსაფრთხოების დაცვის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია. ხელისუფლება ასევე აპირებს, შეზღუდოს ციფრული პლატფორმების მიერ ისეთი მექანიზმების გამოყენება, რომლებიც მომხმარებლებს აპლიკაციებში რაც შეიძლება დიდხანს დარჩენისკენ უბიძგებს.

ამასთან, ევროპაში განიხილება ბავშვების სოციალური ქსელებისგან დაცვის დამატებითი ზომებიც. სექტემბერში ევროკავშირმა წარადგინა EU KIDS Act-ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 13 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები