ქართული ავიაკომპანია Georgian Airways (აირზენა) ხვალიდან, ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს. როგორც ”ფორტუნას Georgian Airways-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა მჭედლიშვილმა განუცხადა, პირველი თვითმფრინავი თბილისიდან 20 მაისს, 19:25 საათზე გაფრინდება და ის მგზავრებს ლონდონში, ”გატვიკის” აეროპორტში ჩაიყვანს.
”ვერ ვიტყვი, რომ თვითმფრინავი პირველ რეისსზე ბოლომდე გაივსო, თუმცა დაინტერესება ამ მიმართულებაზე საკმაოდ დიდია. ამასთან, უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, ივნისის თვეში, ასევე პირდაპირ ავიამიმოსვლას დავიწყებთ პრაღაში. მიმდინარე წლის ზაფხულშივე იგეგმება პარიზის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებაც”, – აღნიშნა მჭედლიშვილმა.
მისი თქმით, ზუსტი თარიღი, თუ რომელ თვეს და რა რიცხვში დაიწყება პარიზისკენ ფრენები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. თუმცა, ეს მოხდება მიმდინარე წლის ზაფხულში. მისივე ინფორმაციით, Georgian Airways-მა აღნიშნული მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება, საზოგადოების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო გადაწყვიტა.
”პარიზის მიმართულებით წამსვლელთა რაოდენობა მუდმივად მზარდია და ბუნებრივია, არსებობს დაკვეთა პირდაპირ ფრენაზე. სწორედ ამიტომ, ზაფხულიდან ჩვენი მომხმარებელი შეძლებს, ისარგებლობს ამ შესაძლებლობით”, – დასძინა მჭედლიშვილმა.
ამის პარალელურად, შეგახსენებთ, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways (აირზენა) ფლოტს ანახლებს. კომპანიას კიდევ ერთი თვითმფრინავი შეემატება, – ამჯერად საუბარია Embraer190 ტიპის საჰაერო ხომალდის შემოყვანაზე.
როგორც Georgian Airways-ში განმარტავენ, ფლოტის გაძლიერება ახალი მიმართულებებით ფრენის დაწყებას უკავშირდება. Embraer-ის ლიზინგით შემოყვანის შემდეგ Georgian Airways-ს 7 ხომალდი ეყოლება.მაისის მეორე ნახევრიდან ავიაკომპანიის ფლოტს ახალი ბოინგი 737-700-იც დაემატება.