LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისი ზედმიწევნით ასრულებს რეკომენდაციების სრულ პაკეტს”- რა საკითხებზე ისაუბრეს კახა კალაძემ და ჰანს კლუგემ

63
1234

“თბილისი, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, ასრულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრულ პაკეტს, რათა ქალაქი იყოს ხალხზე მორგებული, ჯანსაღი და ჰქონდეს სუფთა გარემო.” – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კლუგე დედაქალაქის მერს შეხვდა და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში კოვიდ-19-ის მართვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

კახა კალაძემ ჰანს კლუგეს დედაქალაქის მთავრობის მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე, პანდემიისგან დაზარალებული მოქალაქეებისა თუ ბიზნესების მხარდასაჭერად განხორციელებული პროგრამები გააცნო.

ისაუბრეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მერიის მიერ დაწესებულ შეღავათებზე და მწვანე და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიმართულებით თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.

 

 

როგორც კალაძემ აღნიშნა, პანდემიის პერიოდში უმნიშვნელოვანესია სოლიდარობა და თანადგომა, რომელიც მძიმე პერიოდს გადაგვატანინებს:

„პანდემია გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და რასაკვირველია, გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენ გვაქვს დახმარების პროგრამა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის – მარტოხელა მოხუცებისთვის და ბიზნესკომპანიების ჩართულობით, ვცდილობთ, არცერთი მარტოხელა მოხუცი არ დავტოვოთ პირველადი მოხმარების საგნებისა თუ საკვები პროდუქტების გარეშე. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ იმ დეპრესიულ ფონს და სტრესულ გარემოს, რაც პანდემიამ შექმნა და სწორედ ამიტომ, ვეცადეთ, საახალწლოდ თბილისის ქუჩები ყოფილიყო გამორჩეულად ლამაზი და სავსე სადღესასწაულო განწყობით”, განაცხადა დედაქალაქის მერმა.

როგორც ჰანს კლუგემ აღნიშნა, იმისათვის, რომ ქალაქი იყოს ხალხზე მორგებული, ჯანსაღი და ჰქონდეს სუფთა გარემო, მნიშვნელოვანია, მწვანე სივრცეების შექმნა, სადაც ხალხი შეიკრიბება:

“გამოცდილებით ვიცით, რომ ეს დადებით გავლენას ახდენს ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობაზე, რაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ამ უპრეცედენტო პანდემიის დროს. ეს ასევე კარგად იმოქმედებს ხალხის ზოგად ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ერთი კონკრეტული შედეგი ის არის, რომ მე შევთავაზე მერს, პოლიტიკური ვალდებულება აიღოს და შეუერთდეს ჯანმრთელი ქალაქების ქსელს. მადლობელი ვარ, რომ მერი დათანხმდა ამას, რადგან თბილისსა და მის მერს შეუძლიათ ბევრი რამ გაუზიარონ სხვა ქალაქებსა და მათ მერებს, რომლებიც არიან ამ ქსელში”. – თქვა ჰანს კლუგემ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ თბილისი ევროპის ჯანმრთელი ქალაქების ქსელს შეუერთდება და თავის გამოცდილებას მომავალში ქსელის სხვა ქალაქებს გაუზიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g