თბილისის მერმა მეტროს სადგურ “სადგურის მოედანზე”, ხაზებს შორის გადასასვლელში მგზავრთა ნაკადის გაზრდის გამო შექმნილ პრობლემაზე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ საკითხი მოსაგვარებელია.
კახა კალაძემ თავის მოადგილესა და საქალაქო-სატრანსპორტო სამსახურის უფროსს ნაკადის მართვაზე მუშაობა დაავალა.
“პირველად, სატესტოდ შესაძლოა გამოვიყენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითები, თუ როგორ ხდება ნაკადების მართვა. მინდა მოგიწოდოთ უფრო მეტი აქტიურობისკენ, ჩართეთ დარგის ექსპერტები და ვნახოთ, რა შესაძლებლობებია. პირველ ეტაპზე შეიძლება დისკომფორტი იყოს, შესაძლოა, ვიღაცისთვის სასაცილო, მაგრამ სასაცილოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. დაიწყეთ ყველა ძალის გამოყენება და ნახეთ ყველა შესაძლებლობა, როგორ შეიძლება ნაკადების მართვა, თუ გამოგვივა.
პარალელურად, ჩართეთ საერთაშორისო ექსპერტები და დავიწყოთ მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებაზე და მოწესრიგებაზე, რომ პრობლემას არ წარმოადგენდეს ამ გვირაბში გადაადგილება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერია გლდანში მეტროს მეორე ამოსასვლელის მოწყობის საკითხს განიხილავს