თბილისის მერია „სითი პარკთან“ სამართლებრივი დავისთვის საჭირო მომსახურებას გამარტივებული ტენდერით შეისყიდის.
სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის მერია მომსახურებაში 800 000 ლარს დახაჯავს.
„იურიდიული კომპანიისგან მომსახურების შეზღუდულ ვადაში შესყიდვის აუცილებლობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ დავის რეჟიმის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამართლებრივი რისკების შეფასება–შემცირებისა და თბილისის მთავრობის ინტერესების დასაცავად საჭირო მოქმედებები, მათ შორის, შპს „სი–ტი პარკის“ ინტერესების დამცველ საერთაშორისო იურიდიულ ფირმასთან კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს შესაბამის მოკლე ვადებში. შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელი იყო იმდენად, რამდენადაც შეუძლებელი იყო შპს „სი–ტი პარკის“ შემდგომი მოქმედებების ზუსტი პროგნოზირება,“ – ნათქვამია თბილისის მერიის არგუმენტებში, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
7 მაისს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „სითი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია „ფრეშ ფილდი“ დაიქირავა. 10 აპრილს „სითი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.
როგორც ცნობილია, თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.