თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დაამტკიცა, რომელიც ძალაში მომავალი წლის ოქტომბრიდან შევა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ საკითხს სხდომაზე წევრების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ახალი რეგულაციებით იქნება ორი კატეგორიის ლიცენზია – “ა” და “ბ” კატეგორიის.
„ა” კატეგორიის ლიცენზია ითვალისწინებს, რომ ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი (საბარგულის კარიანად). ასევე, ასეთი ტაქსები ისარგებლებენ უფასო საპარკინგე ადგილებით. ტაქსის მძღოლები, რომლებიც ელექტრომობილებით ახორციელებენ ტაქსის სერვისს, სრულად გათავისუფლდებიან ნებისმიერი ტიპის საპარკინგე ადგილზე გადასახადისგან. ასევე იქნება “ბ” კატეგორიის ტაქსი, რომელზეც ფერის მოთხოვნა არ ვრცელდება, ისინი ვალდებულები იქნებიან მხოლოდ გამოძახებებზე იმუშაონ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ტაქსების რეგულაციის პირველი ეტაპი აგვისტოდან დაიწყო და იგი მძღოლებისთვის ტაქსის ლიცენზიის აღებას ითვალისწინებდა.