28 აპრილს, საღამოს 5 საათზე, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში გაიმართება სპექტაკლ „უსახურის“ პრემიერა, რომლის ავტორი, რეჟისორი, კომპოზიტორი და მხატვარი ნიკოლოზ საბაშვილია. წარმოდგენა თანამედროვე საზოგადოების მანკიერი თვისებების მხილებას ექსპერიმენტული თეატრალური ფორმებით გამოხატავს. ეგზისტენციური შიში გარემომცველი სამყაროს მიმართ, სიკეთისა და ბოროტების მარადიული ჭიდილი, საკუთარი თავის შეცნობის, უკეთესი მომავლის ძიების დაუოკებელი სურვილი – ეს ის თემებია, რომლებიც წარმოდგენის ერთიან სიუჟეტს ქმნის.
ახალი სეზონიდან თოჯინების თეატრი ტრადიციული, დილის საბავშვო სპექტაკლების გარდა, მაყურებელს საღამოს სპექტაკლებსაც შესთავაზებს, რომელიც უფროსი თაობის მაყურებელზე იქნება გათვლილი. „უსახურიც“ სწორედ უფროსი თაობის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი.
თოჯინების თეატრისთვის ეს სეზონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მაყურებლის მიღებას უკვე საკუთარ შენობაში შეძლებს. დ. აღმაშენებლის 136 ნომერში, შენდება ახალი შენობა, რომლის სცენის ნაწილი სრულად დამთავრებული ჯერჯერობით არ არის. ამიტომ, სამხატვრო ხელმძღვანელის ინიციატივით, შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში მოეწყო გივი სარჩიმელიძის სახელობის მცირე დარბაზი. სწორედ ამ ჯადოსნურ თეატრალურ სივრცეში უმასპინძლებს თოჯინების თეატრი მონატრებულ მაყურებელს განახლებული რეპერტუარით.
მიმდინარე სეზონზე კიდევ ბევრი სიახლე ელოდება მაყურებელს. იგეგმება არაერთი საბავშვო სპექტაკლის პრემიერა. ასევე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისთვის, შენობის წინ არსებულ სკვერში ამფითეატრის მოწყობა.
ნიკოლოზ საბაშვილი 2017 წლიდან თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინებს სახელმწიფო პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. მსახიობმა და რეჟისორმა, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის, კინოსა და დრამის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 2004 დაარსა თეატრალური სახელოსნო და დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე „ახალი თეატრი“. 2004-2015 წლებში გახლდათ საბავშვო თეატრალური სტუდია „დებიუტის“ ხელმძღვანელი. დადგმული აქვს სპექტაკლები როგორც საქართველოს რეგიონებში: საგარეჯოს, მესხეთის, ფოთის, ზუგდიდის თეატრებში, ისე დედაქალაქში: – „ახალი თეატრი“, მსახიობის სახლი, აბრეშუმის, მარჯანიშვილისა და მოზარდმაყურებელთა თეატრები.
ნიკოლოზ საბაშვილი თეატრალური პრემია „დურუჯის“ ორგზის მფლობელია: 2011 წელს წლის საუკეთესო ახალგაზრდა რეჟოსორად დასახელდა სპექტაკლისათვის „ქაღალდის წვიმ“, ხოლო 2015 წელს „დურუჯი“ საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის ნომინაციაში გადაეცა სპექტაკლისათვის „1945“. თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემიით 2019 წელს დაჯილდოვდა, სპექტაკლისათვის „შინელი“. ხოლო წელს, 14 იანვარს თოჯინების პროფესიულ თეატრში ახალი თეატრალური სივრცის შექმნისთვის, გივი სარჩიმელიძის სახელობის ჯილდო გადაეცა.
რეჟისორს განხორციელებული აქვს სხვადასხვა პროექტები სამშობლოში. ასევე ავტორია საერთაშორისი დადგმების: ნიუ-იორკში მის მიუზიკლს „საქართველოს ლეგენდა“ წარმოადგენდნენ, ხოლო ლიეტუვაში „შვლის ნუკრის ნაამბობს“.

