თბილისის ზღვაზე ზოოპარკისთვის ვოლიერების მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება. ამის შესახებ ,,ფორტუნას” თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მზია შარაშიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 48 ჰექტარზე ახალი ზოოპარკის შემოღობვა უკვე დასრულდა.
,,გაკეთდა ახალი ღობე, რომელიც ძალიან მყარი და ლამაზია. მერიის დასუფთავების სამსახურთან ერთად ტერიტორიის ნაწილი დავალაგეთ. პირველი ვოლიერების მშენებლობას გერმანული ფონდი GIZ დააფინანსებს. ეს იქნება დათვების და მგლების ვოლიერები, რის შემდეგაც ნიამორების და ირმების ვოლიერები გაკეთდება. შემდეგ კი უკვე გადასაწყვეტია, როგორ განვითარდება სიტუაცია. ვმუშაობთ უცხოურ ფონდებთან, რათა სხვა ვოლიერების მშენებლობისთვისაც მოხდეს თანხების მოძიება”, – განაცხადა მზია შარაშიძემ და განმარტა, რომ ახალი ზოოპარკის მშენებლობის დასრულებას მინიმუმ სამი წელი დასჭირდება.
,,ამჟამად, პროექტის ტექნიკური დეტალები თანხმდება. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება უკვე დაიწყება მშენებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად დავიწყოთ და დავასრულოთ ვოლიერების მშენებლობა”, – აღნიშნა ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.
ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის 50 მილიონ ლარზე მეტია საჭირო. ახალი ზოოპარკის მშენებლობის დასრულებამდე, ზოოპარკი ძველ ადგილას განაგრძობს ფუნქციონირებას.
