თბილისის მერიის ორგანიზებით, 13-14 სექტემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი (LED) გაიმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას დედაქალაქი 2007 წლიდან მასპინძლობს და ამ პერიოდის განმავლობაში, ფორუმი გახდა უნიკალური რეგიონალური პლატფორმა მუნიციპალიტეტების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის.
„ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გამოცდილება. ფორუმი კარგი შესაძლებლობაა კერძო და საჯარო სექტორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის მომავალი თანამშრომლობის დასამყარებლად. წლევანდელი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“, სესიების მრავალმხრივი თემატიკიდან და მრავალრიცხოვანი მომხსენებლიდან გამომდინარე მასშტაბური ღონისძიებაა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის: ამერიკიდან, ავსტრიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, ჰოლანდიიდან, დანიიდან, იორდანიიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, ბელგიიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე საერთაშორისო მომხსენებელი, მათ შორის ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორი კრისტიან დანიელსონი, აზიის განვითარების ბანკის ცოდნის მენეჯმენტის და მდგრადი განვითარების ვიცე-პრეზიდენტი ბამბანგ სუსანტონო, EBRD-ის მთავარი ეკონომისტი კეთილ ტვედტი, EBRD-ის კონსულტანტი რობერტ ბეილი, ბარსელონის ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი იორდ ვილიამ კარნესი და სხვები.
ღონისძიების საკონფერენციო ნაწილი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გაიმართება 16 თემატური სესია: ეფექტური მმართველობა, ქალაქები ეკონომიკური ზრდისათვის, ურბანული მედეგობა, მდგრადი მომავალი, გონიერი გარემო, ენერგოეფექტურობა, მომავლის ქალაქები, მიზნები და ხედვა, საერთაშორისო ურთიერთობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობა, ინვესტიციები ქალაქში, სამეწარმეო შესაძლებლობები გლობალურ ბაზარზე, ტურიზმის განვითარება, ინოვაციური პოზიციონირება და ბრენდინგის სტრატეგიები, ინტეგრირებული მიდგომები ტერიტორიული განვითარებისათვის, ღია მმართველობის თანამშრომლობა”,- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ფორუმს მოდერაციას გაუწევს 16 მოდერატორი, 100-მდე პრეზენტატორი, მათ შორის, 50 მოწვეული საერთაშორისო მომხსენებელი..