თბილისის 300-მდე წერტილში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება.
როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, ახალი პროექტი „ქალაქი – ბიბლიოთეკა“ ელექტრონული წიგნების სახლ „საბასთან“ ერთად და პრეზიდენტის ფონდთან ერთად დაიწყო.
პროექტის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა ადგილებში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება და მსურველებს ელექტრონული წიგნები საჩუქრად გადაეცემათ.
„ქალაქი – ბიბლიოთეკა“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს მისცემს შესაძლებლობას, უფასოდ, მომენტალურად ჩატვირთოს „საბას“ ელექტრონული წიგნები თავის სმარტფონში, აპლიკაცია Saba Reader-ში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა” – აცხადებენ მერიაში.
ელექტრონული ბიბლიოთეკების დიზაინი კონკურსის შედეგად შეირჩევა, რომელიც მერიამ დღეს გამოაცხადა. მერიაში გამართულ პრესკონფერენციას თბილისის მერი დავით ნარმანია, „საბას” დამფუძნებელი რატი ამაღლობელი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დაესწრნენ.
ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც 2012 წელს ”თიბისი ბანკის” ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა, 3 ათასამდე ელექტრონულ წიგნს მოიცავს.