საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის შესახებ კვლევა განხორციელდა, რომელიც 2018 წლის სრულ ანალიზს მოიცავს.
კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წელს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 4.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რომლის 65% ახალაშენებული ბინების ტრანზაქციებით იყო განპირობებული. ბინების რეალიზებული ფართობი 31%-ით გაიზარდა, რასაც იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ეროვნული ბანკის მიერ დაანონსებული რეგულაციების მოლოდინმა შეუწყო ხელი. ხოლო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, 2019 წლის იანვარში დამტკიცებული იპოთეკური სესხების რაოდენობა 47%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2018 წელს მოთხოვნის განსაკუთრებული ზრდა პრემიუმ და საშუალო სეგმენტის ბინებზე დაფიქსირდა. ცენტრალურ უბნებში რეალიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი ფართობის ბინებზე მოთხოვნით არის განპირობებული, ხოლო გარეუბნებში შედარებით პატარა ბინების გაყიდვები ჭარბობს. ამავდროულად, ახალი სამშენებლო რეგულაციების ფონზე, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები წინა წელთან შედარებით 45%-ით არის შემცირებული.
2018 წლის ტრანზაქციების საშუალო ფასი წინა წელთან შედარებით 6%-თ გაზრდილია ლარში, ხოლო 5%-ით დოლარში. აღსანიშნავია, რომ თბილისში ყველაზე ძვირი უბნის სტატუსს მთაწმინდა ინარჩუნებს. კვლევის მიხედვით, 2018 წელს მთაწმინდაზე ახალაშენებულ ბინებში ერთი კვადრატული მეტრის ფასი 1100-1200 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. სიძვირის მიხედვით მეორე ადგილზეა ვაკე, სადაც 1000-1100 დოლარის ფარგლებშია კვადრატული მეტრი. მესამე ადგილზეა საურთალო, 900-1000 დოლარით კვადრატულ მეტრზე.
საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის შესახებ კვლევა „თიბისი კაპიტალმა” ჩაატარა.
