LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება კონსტიტუციის ცვლილება, რათა მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში – „ქართული ოცნება“

116
ქართული ოცნება

მმართველი პარტია ავრცელებს ვრცელ განცხადებას, რომელშიც განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი, არჩევნებზე სახელისუფლებო ძალამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.

როგორც „ქართული ოცნების“ განცხადებაშია აღნიშნული, მმართველი პარტია რამდენიმე საკითხთან მიმართებაში გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომელთა შორისაც ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხიც არის.

„ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გარშემო მოვლენები ძალზე დინამიურად ვითარდება, ამგვარი მოცემულობისთვის ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად. ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომების გათვალისწინებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი ასეთ შემთხვევაშიც გარე დავალებას შეასრულებენ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად წინ აღუდგებიან. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ვერავინ შეუქმნას დაბრკოლება.

არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციას, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგიზიარებთ.

„ქართული ოცნება“- „26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი, საქართველოს ბედი ჩვენ ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ“

ზემოაღნიშნული სტრატეგიული ამოცანების გადაჭრას საქართველოს გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისათვის საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, ამასთან ერთად, არის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, და მეტიც – კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გადაჭრაც „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას მოითხოვს. საქართველო ახლაც ომის უშუალო საფრთხის წინაშე დგას, რომლის თავიდან არიდება დღეს და ხვალ საქართველოს უპირველესი ამოცანაა.

საკმარისია მცირე გადაცდომა, ერთი ფეხის გადაბრუნება და ქვეყანა შეიძლება საერთოდ დავკარგოთ, რის შემდეგაც არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არამედ საერთოდ არაფერს ფასი აღარ ექნება. ახლა, როდესაც რეგიონში ომი უკანასკნელ თვეებს ითვლის, ქართულ საზოგადოებას მართებს მაქსიმალური მობილიზაცია, რათა დღემდე დიდი ძალისხმევით შენარჩუნებული მშვიდობა ხელიდან არ გავუშვათ და ქვეყანას ნგრევა და განადგურება თავიდან ავაცილოთ. ახლა მთავარია, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანა როგორმე შევინარჩუნოთ და შემდეგ, მის შეუფერხებელ განვითარებას ვეღარაფერი დაუდგება წინ.

2020 ან 2021 წელს სახლში დარჩენილ ან ოპოზიციის ამომრჩეველს რომ გაემარჯვა, დღეს საქართველო უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და ქვეყანა აღარ გვექნებოდა. სამომავლოდ, ამგვარი რისკი თეორიულ დონეზეც კი აღარ უნდა დავუშვათ.

რაც უფრო დიდი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მცირე იქნება საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ცდუნება, კიდევ ერთხელ სცადონ ქვეყნის არევა, ხელისუფლებაში აგენტურის, ანუ ადგილობრივი ომის პარტიის დაბრუნება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

რაც უფრო დიდი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მშვიდი იქნება ნოემბერი, დეკემბერი და მომდევნო 4 წელიწადი. რაც უფრო მეტი იქნება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, მით უფრო ნაკლები ბარიერი შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და ეკონომიკურ განვითარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g