LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თიბისი ჯგუფმა” სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“ შეიძინა

454

 ”თიბისი ჯგუფმა” ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“ 100%-იანი წილის შესყიდვასთან დაკავშირებით.

როგორც ”ფორტუნას” ”თიბისიდან” აცნობეს,  ეს გადაწყვეტილება ჯგუფმა ფინანსური მომსახურების დივერსიფიკაციისა და მრავალფეროვანი პროდუქტების შეთავაზების სტრატეგიიდან გამომდინარე მიიღო.  ამასთან, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში „კობენბურის“ რებრენდინგი განხორციელდება და უკვე ახალი წლიდან ”თიბისი ბანკის” მომხმარებლებს შეეძლებათ, ისარგებლონ ახალი სახელით მოქმედი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტებით.

„კოპენბური“ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ფოკუსირებულია ავტომობილების დაზღვევაზე. მას ავტოდაზღვევის ბაზრის 9% უჭირავს (2016 წლის 30 ივნისის მონაცემებით).

მათივე ინფორმაციით, ”თიბისი ჯგუფის”  მიერ „კოპენბურის“შესყიდვის შემდეგ, ახალი სადაზღვევო კომპანია გახდება ”თიბისი ბანკის” მთავარი პარტნიორი დაზღვევის მიმართულებით. ასევე, ”თიბისი ბანკი” აპირებს, რომ გააფართოვოს სადაზღვევო მომსახურების სპექტრი და შეთავაზებულ  პროდუქტებს დაამატოს ახალი სადაზღვევო პროდუქტები – მოგზაურობის დაზღვევა, უბედური შემთხვევის, საკრედიტო ხაზის, სიცოცხლის, ბიზნესსაკუთრების, სესხის დაზღვევა და სხვა.

”ახალი სადაზღვევო კომპანია ძირითადად საცალო ბაზარზე იქნება ორიენტირებული და აქცენტს ფიზიკური პირების მომსახურებაზე გააკეთებს. საშუალოვადიან პერიოდში ”თიბისი ჯგუფი” გეგმავს სადაზღვევო ბაზრის 25%-ის ათვისებას. პირველადი ინვესტიციის თანხა 8 მილიონი ლარია, რომელიც კომპანიის კაპიტალის შევსებას და ტექნოლოგიურ განვითარებას მოხმარდება.

ახალ სადაზღვევო კომპანიას უხელმძღვანელებს ამ სფეროში გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი – პაატა ღაძაძე, ”თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე დავით კიღურაძე, რომელსაც წლების განმავლობაში ”თიბისი ბანკის” შვილობილი კომპანიების დირექტორის პოზიცია ეკავა საქართველოსა და აზერბაიჯანში. მათ, ასევე,საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მართვის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ”, – აცხადებენ ”თიბისი ჯგუფში”.

„ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით, პირველ რიგში, ისარგებლებს ჩვენი მომხმარებელი, რომელსაც შევთავაზებთ კომპლექსურ სადაზღვევო პროდუქტებს. მომსახურება განხორციელდება მომხმარებლისთვის ყველაზე კომფორტული ფორმით, უმოკლეს დროში და გამარტივებული პროცედურით. ზოგადად, „კოპენბურის“ შესყიდვა სრულად შეესაბამება ”თიბისი ჯგუფის” სტრატეგიას, რომ გააფართოოს ფინანსური მომსახურების არეალი და ამავე დროს, კომპანია კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს ინვესტორებისათვის,“- განმარტა პაატა ღაძაძემ.

ცნობისთვის, „კოპენბურში“ ამ დროისათვის 100-მდე  ადამიანია დასაქმებული და ისინი მუშაობას უკვე ახალი ბრენდის ქვეშ მოქმედ კომპანიაში გააგრძელებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g