მეცამეტე წელს ივანიშვილის რუსული რეჟიმი საუბრობს იმ პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე, რომელიც ცამეტი წელია, ხელისუფლებაში არ ყოფილა და რომელსაც ამაყად წარმოვადგენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ აღნიშნული „სანახაობით“ მისი არალეგიტიმურობის ფაქტს ვერ გადაფარავს და მოუწევს, ძალაუფლების დათმობას შეეგუოს.
„მეცამეტე წელია არჩევნების მიტაცების და 26 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ივანიშვილის რუსული რეჟიმი პოზირებს საქართველოს ხელისუფლებად. მეცამეტე წელს კვლავ საუბრობს იმ პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე, რომელიც ცამეტი წელია, ხელისუფლებაში არ ყოფილა და რომელსაც მე ამაყად წარმოვადგენ დღეს. ეს, რა თქმა უნდა, არის მორიგი რუსული პროპაგანდისტული მცდელობა, რომ ივანიშვილმა ამ სანახაობით და მორიგი საცირკო წარმოდგენით, რომლის დადგმასაც ახლა უკვე ე.წ. პარლამენტში გეგმავს, საკუთარი დანაშაულები გადაფაროს.
მას არ აღიარებს ლეგიტიმურ ხელისუფლებად ცივილიზებული სამყარო, სანქციების გამო ეკონომიკა ინგრევა და კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის წინაშე დავდგებით, მას აღარ გააჩნია ლეგიტიმაცია არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით. ამ საცირკო წარმოდგენით, სანახაობით ის ვერ გადაფარავს არალეგიტიმურობის ფაქტს და მაინც მოუწევს, რომ შეეგუოს ძალაუფლების დათმობას, რათა ქვეყანაში ჩატარდეს ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, გამოვიდეთ ამ ქაოსიდან და მუდმივად კი არ ვუყუროთ წარსულს, პროპაგანდისტულ ტყუილებში კი არ ვიცხოვროთ, არამედ გავიხედოთ წინ, ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, წარმატებისკენ, ხელისუფლებამ იმუშაოს ხალხის ინტერესით და არ იყოს დაკავებული საცირკო წარმოდგენების დადგმით“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.