არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგურუ სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლოდ წოდებული, რომელ პარტიას გააუქმებს და არ გააუქმებს – ერთადერთი, რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილი და ივანიშვილის სხვა ამფსონები,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ აღნიშნული ქმედება შეიძლება იქცეს შესაძლებლობად, რათა დემოკრატიული პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ და ერთიანობით დაამარცხონ ბიძინა ივანიშვილი.
შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა
პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“.
„პარტია არის ადამიანების ერთობა, რომლებიც იბრძვიან ერთი მიზნისთვის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იბრძვის უკეთესი, ევროპული, დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეებს აქვთ თვითრეალიზაციისა და კეთილდღეობის შანსი და ამ იდეისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, მათ შორის, იმ პარტიებთან ერთად, რომლებსაც ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება. პირიქით, ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობა, იმისთვის, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ებრძვიან ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდას და იბრძვიან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, გავერთიანდეთ ერთიან ფრონტში, ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაში და ჩვენი ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ, ეს მხოლოდ შესაძლებლობად შეგვიძლია ვაქციოთ და ერთადერთი, რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილი და ივანიშვილის სხვა ამფსონები, რომლებიც აიკრძალებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ვეღარასდროს შეძლებენ თავისუფალ ევროპულ სივრცეში შესვლას, რომლებსაც, ასევე, არ ასცდებათ სხვა ტიპის სანქციები“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ ეხება პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი გიორგი გახარიას პარტიას
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ „სამართლებრივად თავი დაიძვრინა“.
ამასთან ერთად, თინა ბოკუჩავა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელშიც ეხმაურება და ამ კონტექსტში „ლელოს“ არჩევნებში მონაწილეობას უსვამს ხაზს.
„ენმ, „ახალი“, „ლელო“ აიკრძალებაო ანუ „ლელოს“ “არჩევნებში” კოლაბორაციამაც არ უშველა! ეს ცირკი სინამდვილეში დიდი შესაძლებლობაა გაერთიანებისთვის. ან ახლა, ან არასდროს!“- განაცხადა ბოკუჩავამ
