2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი (731.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (518.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (412.2 მლნ. აშშ დოლარი) იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2017 წლის ამავე პერიოდში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.0 პროცენტი შეადგინა.
2017 წლის იანვარ-ივნისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 216.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 17.5 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 153.5 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.4 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 84.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6.9 პროცენტი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-ივნისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 285.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 222.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.2 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 182.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.1 პროცენტი).
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2017 წლის იანვარ-ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4822.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.5 პროცენტით მეტია.
