უკრაინის პრეზიდენტმა 26 ივნისს, ტრადიციულ ღამის ვიდეომიმართვაში ბელარუსის მოქალაქეებს მიმართა, რომ ომში მათ ჩათრევას ცდილობენ კიდევ უფრო აქტიურად, ვიდრე ეს ხდებოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან პირველ თვეებში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მათ ნაცვლად კრემლში უკვე ყველაფერი გადაწყვიტეს და რუსეთისთვის მათი სიცოცხლე არაფრად ღირს, მაგრამ ისინი არ არიან მონები. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ბელარუსის ხალხი მხარს უჭერს უკრაინას და არა ომს და სწორედ ამიტომ, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ომში მათ ჩათრევას და სიძულვილის დათესვას.
“მინდა, მივმართო ბელარუსის მოქალაქეებს – როგორც სამოქალაქო პირებს, ასევე ფორმიანებს. თქვენ ომში გითრევენ და კიდევ უფრო აქტიურად, ვიდრე თებერვალში და გაზაფხულის თვეებში. კრემლში უკვე გადაწყვიტეს ყველაფერი – თქვენი სიცოცხლე მათთვის არაფერია. მაგრამ თქვენ არ ხართ მონები და არც საზარბაზნე ხორცები. არ უნდა მოკვდეთ და თქვენ გაქვთ ძალა, არავის მისცეთ უფლება გადაწყვიტოს თქვენს ნაცვლად”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული ბელარუსის რიგით მოქალაქეებზე.
„ვიცი, რომ შეგიძლიათ მონაწილეობა არ მიიღოთ ამ ომში, თქვენი სიცოცხლე მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და არა ვიღაცას კრემლში“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.