„თქვენ სინდისზე არის როგორც მინიმუმ ერთი ადამიანის მკვლელობა ამ არჩევნების პროცესში. ეს ეხება ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს შორის დაპირისპირებამდე განაცხადა.
ამით დეპუტატი გამოეხმაურა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საკითხს და განაცხადა, რომ ის სრული დარღვევით ჩატარდა. ნიკა მელიას თქმით, პარლამენტის დარბაზში რამდენიმე კრიმინალი ზის, მათ შორის კრიმინალია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
„პირდაპირ გეტყვით, მივესალმები ამ დარბაზში რამდენიმე კრიმინალს და არა „ქართული ოცნების“ დეპუტატს. პირდაპირ გეუბნებით, ყველას არ ეხება, მაგრამ ამ დარბაზში, დიახაც, მე ვხედავ რამდენიმე ჩვეულებრივ კრიმინლას. ერთი – ბატონი კობახიძე და მეორე – ბატონი ემზარ მკოიანი. ავხსნი, თუ რატომ?!
„გეყოთ მოთმინება და მომისმინეთ… აქ, ახლა თქვენმა დეპუტატმა, როდესაც დაიწყო საუბარი და მიესალმა საოცარ განვითარებას, პროგრესს ქვეყანაში და სალომე ზურაბიშვილის არჩევას დაარქვა დემოკრატიული პროცესის წარმოუდგენელი განვითარება, დიახაც, თქვენ სინდისზე არის როგორც მინიმუმ ერთი ადამიანის მკვლელობა ამ არჩევნების პროცესში. ეს ეხება ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს. მეორე, ახალქალაქში განხორციელებულ უმოწყალო თავდასხმას გრიგოლ ვაშაძის შტაბზე, სადაც ოთხი ადამიანი იარაღის ტარებით უმოწყალოდ იყო ნაცემი და რას ბედავ შენ, ვიღაცა ხარ, გვარიც არ ვიცი შენი… ერთი ხმა მაინც თუ ამოგიღია და გითქვამს, ან დაგიგმია, როდესაც შენი გუნდის წევრები შენი კოლეგის, ემზარ მკოიანის მეთაურობით შევარდა გრიგოლ ვაშაძის შტაბში და გაუხეთქეს თავები და სახეები ადამიანებს. მესამე, დღეს, ვიდრე ასე თავს იწონებთ ვიღაცის წინაშე ჩვენი ქვეყნის მოქალქე სიკვდილს ებრძვის, ონის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი. დიახაც, ეს არის სისხლიანი არჩევნები, რომელიც თქვენ ჩაატარეთ,“ – განაცხადა მელიამ.
