თსუ-ის დამატებითი საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია – აკადემიური საბჭო გამოცდების დასწრებით ფორმატში ჩატარების გადაწყვეტილებას სრულად იზიარებს

166
თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, 20 ივნისიდან დამატებითი რეგიონული საგამოცდო ცენტრები გაზაფხულის სემესტრის ფინალური გამოცდების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია.

მათივე ცნობით, ქუთაისისა და ახალციხის საგამოცდო ცენტრებში, გამოცდის ჩაბარების სურვილი სხვადასხვა ფაკულტეტის 160-მდე სტუდენტმა გამოთქვა. რეგიონულ ცენტრებში გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია კი 1 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

როგორც უნივერსიტეტში ამბობენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ის გამოწვევები, რაც მიმდინარე სემესტრში, პოსტპანდემიურ გარემოში შეიქმნა.

შესაბამისად, ჰიბრიდულ (შერეულ) ფორმატში სწავლებასთან ერთად, სტუდენტებს თბილისის პარალელურად, ფინალური გამოცდების 2 რეგიონულ ცენტრში შექმნილ დამატებით საგამოცდო ცენტრებში ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ.

თსუ-ის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებაში თითქმის ყველა ფაკულტეტი ერთსულოვანია და გამოცდების დასწრებით ფორმატში ჩაბარების შესახებ მოსაზრებას იზიარებს.

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე მიიჩნევს, რომ ლექციების ჩატარებისა და გამოცდების ორგანიზების შესახებ გადაწყვეტილება, აბსოლუტურად სწორია და შესაბამისად, იგი აკადემიური საბჭოს განცხადებას სრულად ეთანხმება.

ღაღანიძის თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებაში ზუსტად არის დასმული პრიორიტეტები და პრინციპულად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გამოცდების საგამოცდო ცენტრში ჩატარება, ცოდნის შეფასების ერთ-ერთ ყველაზე სამართლიან და ობიექტურ გზას წარმოადგენს.

„აქედან გამომდინარე, ამ პროცესთან მიმართებით არავითარი უარყოფითი დამოკიდებულება არ გამაჩნია. რასაკვირველია, იმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტების გარკვეულ ნაწილს შეიძლება ჰქონდეს პრობლემა, რომ ჩამოვიდეს თბილისში, სწორი გადაწყვეტილებაა საგამოცდო ცენტრების ორგანიზება ქუთაისსა და ახალციხეში, რაც პრაქტიკულად ყველა სტუდენტ მისცემს შესაძლებლობას, არ დარჩეს სასწავლო პროცესების მიღმა.“– განაცხადა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რამაზ ხომერიკი ასევე მიესალმება აკადემიური უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ პრობლემა, რა თქმა უნდა, არსებობს, რადგან ზოგიერთი სტუდენტი რეგიონიდან ვერ ჩამოდის, თუმცა მისივე თქმით, ეს პრობლემა მოგვარებადია და ძირითადი კონტექსტი გამოცდების თემაა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ფინალური გამოცდების დასწრებით ფორმატში ჩატარების გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად სწორი.“– განაცხადა მან და დასძინა, რომ
ფკულტეტი სტუდენტების ინდივიდუალურ რეჟიმში დასახმარებლად მზადაა.

თსუ-ის განცხადებით, აკადემიური საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია რეგიონში მცხოვრები სტუდენტებისთვის საგამოცდო პროცესის გამარტივება. როგორც უნივერსიტეტში გვითხრეს, რეგიონული საგამოცდო ცენტრები აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე ამოქმედდა.

ამასთან, თბილისსა და რეგიონულ საგამოცდო ცენტრებში გამოცდები ჩატარდება მოქნილი საგამოცდო გრაფიკით, რითაც უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას. საგამოცდო ცხრილები კი სტუდენტებს უახლოეს დღეებში ეცნობებათ.

თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, თამარ გაგოშიძის განცხადებით, უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტუდენტებს სასწავლო თუ საგამოცდო პროცესებზე თანაბარი შესაძლებლობები და ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ.

შესაბამისად, მისი თქმით, ფინალური გამოცდების ჩვეულ (სააუდიტორიო) რეჟიმში ჩაბარებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიც ემხრობა. როგორც გაგოშიძე ამბობს, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტმა არათუ ფინალური, შუალედური გამოცდებიც აუდიტორიებში ჩაატარა.

„მე ძალიან კარგად მესმის სტუდენტების, პოსტკოვიდური სიტუაცია არ არის მარტივი. ეს სირთულეები ყველასთვის საერთოა: ჩვენ, სტუდენტებიც და პროფესორებიც, ორი წელი ვიყავით იზოლაციაში და სხვაგვარად გვქონდა დაგეგმილი ცხოვრება. ამ თვალსაზრისით, გასაგებია, რომ გვიჭირს გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. ეს არის ამ პრობლემის ერთი, ფსიქოლოგიური მხარე. მეორეა – სოციალური მხარე.

სტუდენტურ საცხოვრებელთან და სამუშაოებთან დაკავშირებით აქამდეც სერიოზული პრობლემები იყო, მაგალითად, ჩემში ყოველთვის აღშფოთებას იწვევდა დამსაქმებლების სტუდენტებისადმი დამოკიდებულება. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხები, რომლებიც დღეს არ დამდგარა, იყო პანდემიამდეც და ეს საკითხები გამოცდებთან კავშირში არ არის.

შესაბამისად, არც საგამოცდო რეჟიმთან მიმართებით არ გადაიჭრება. სტუდენტების სოციალური პრობლემები რომ უნდა გადაწყდეს, ეს ცხადია, ამ საკითხებზე ჩვენ ადრეც გვიმსჯელია. მათ შორის სტუდენტებთანაც არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე.

ამ პრობლემებს მხოლოდ ჩვენ: ადმინისტრაცია, პროფესორები, ზოგადად მხოლოდ უნივერსიტეტი ვერ გადაჭრის, საჭიროა განათლების სამინისტროს ჩართულობაც. ეს არის სახელმწიფოებრივი საკითხი, რადგან ამ პრობლემის გადაჭრა დაკავშირებულია მომავალი მოქალაქისა და მომავალი პროფესიონალის ჩამოყალიბებასთან.“ – ამბობს თამარ გაგოშიძე.

აღსანიშნავია, რომ თსუ-ის აკადემიური საბჭოს რეკომენდაციით და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სტუდენტებს, ვისაც დამატებით საგამოცდო ცენტრებში გადაადგილების პრობლემა აქვთ, ან ამჟამად ცხოვრობენ ლისის და ბაგების საერთო საცხოვრებლებში, საგამოცდო პერიოდში საერთო საცხოვრებელში განთავსება უფასოდ შეეძლებათ. თსუ-ში ამჟამად 3500-ზე მეტი სასწავლო კურსის ხორციელდება და 24 ათასი სტუდენტი სწავლობს.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სალომე დუნდუას განცხადებით, იმ სტუდენტებთან, რომელთაც გარკვეული პრობლემები აქვთ, ფაკულტეტს კონტაქტი 7 მარტიდან მოყოლებული აქვს. როგორც დუნდუა ამბობს, ყველა წერილი და თხოვნა დახმარებაზე, რაც კი ადმინისტრაციის სახელზე მათ ფაკულტეტზე შევიდა, აბსოლუტურად ყველასთან კომუნიკაცია შედგა.

„პირადად ვურეკავდით, ვწერდით და შეძლებისდაგვარად პრობლემებს ვუგვარებდით. ასეთ სტუდენტებს ვამისამართებდით ლექტორებთან და ისინი უკვე ლექტორებთან თანხმდებოდნენ ჰიბრიდულ სწავლებაზე. გვყავდა ასეთი სტუდენტები აფხაზეთიდანაც, რომლებსაც ძალიან დავეხმარეთ. არაა აუციელებლი ხმამაღლა ვსაუბრობდეთ ამაზე, თუმცა არცერთი მომართვა უყურადრებოდ არ დაგვიტოვებია.

მე მჯერა, რომ არადისტანციურ რეჟიმში, ზოგი ქუთაისში დაწერს, ზოგი ახალციხეში და ეს შეთავაზება ვფიქრობ ძალიან კარგი და დიდი ხელშეწყობაა უნივერსიტეტის მხრიდან, მჯერა რომ კარგად და მშვენივრად ჩააბარებენ გამოცდებს და ეს პრობლემა, რასაც გამოცდების არადისტანციურ რეჟიმში ჩაბარება ჰქვია, მოგვარდება.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სოციალური პრობლემებიც მოგვარდება. ეს არ არის ფაკულტეტსა და უნივერსიტეტზე დამოკიდებული. რაც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებშია, ვცდილობთ, რომ ჩავატაროთ სამართლიანი, თანაბარი, თანასწორი გამოცდა. ვცდილობთ ფაკულტეტი არ ჩამორჩეს და მხარდამხარ მიჰყვებოდეს საერთო პოლიტიკას.“– ამბობს სალომე დუნდუა.

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია:

„საუნივერსიტეტო გადაწყვეტილებით, ფინალური გამოცდები ტარდება საგამოცდო ცენტრში და ფინალური გამოცდების ადმინისტრირებას ახორციელებს საგამოცდო ცენტრი.
რამდენადაც თქვენთვის ცნობილია უნივერსიტეტმა დაამატა ორი ახალი მდებარეობა – ქუთაისსა და ახალციხეში, რომ სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა, ჩაერთონ საგამოცდო პროცესში.

რა თქმა უნდა, იურიდიული ფაკულტეტი ყოველთვის ეხმარებოდა და დაეხმარება იმ სტუდენტებს, რომლებსაც ექნებათ ინდივიდუალური საჭიროებები. ძალიან ბევრი ჩვენი სტუდენტისთვის საგამოცდო ცენტრში გამოცდების შესრულება და წერა არის ახალი გამოცდილება, მაგრამ ეს არის ცოდნის და შეფასების ობიექტური შესაძლებლობა. მე ვუსურვებ ყველა სტუდენტს წარმატებულ სესიებს.“

მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მაია ბიწკინაშვილი კი ამბობს, რომ ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე კონკრეტული მიდგომა აქვთ, რითაც კონკრეტულ უნარ-ჩვევებს აფასებენ.

მისივე თქმით, ეს უნარ-ჩვევები ფასდება ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდით, რომელიც პანდემიის პერიოდშიც მიმდინარეობდა, აგრეთვე პირდაპირი დაკვირვების მეთოდით და ა.შ.

ამიტომ, როგორც მაია ბიწკინაშვილი ამბობს, მიუხედავად პანდემიისა, მედიცინის ფაკულტეტმა იქამდეც გარკვეულ საგნებში ასეთი ფორმატი აღადგინა, თუმცა გაზაფხულის სემესტრიდან, სრულად გამოცდების ჩატარების დასწრებით ფორმატზე გადადის.

„ეს არ ეხება მხოლოდ კლინიკური უნარების შეფასებას, აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატში თეორიული ცოდნაც შეფასდეს. მივიჩნევ, რომ ეს არის უფრო სამართლიანი და ცოდნის შეფასების სწორი ფორმა. 7 მარტიდანვე კლინიკურ საგნებში უკვე მიდიოდა ჰიბრიდული მეცადინეობები.

ლექცია შესაძლებელია ყოფილიყო ონლაინ ფორმატში, თუმცა შეუძლებელია კლინიკური უნარების გამომუშავება კლინიკებში პაციენტების ნახვის გარეშე. ამიტომ ჩვენი სტუდენტები უკვე ჩართული იყვნენ ამ მიმართულებით, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, როდესაც ეს იყო უშუალოდ თეორიული საგანი. თუმცა, კლინიკური საგნები ძირითადად კლინიკებში მიმდინარეობდა.

ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს წარმატებას და ვართ ორიენტირებული კვლავ იმისკენ,რომ მივცეთ ხარისხიანი განათლება, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ვართ ორიენტირებული იმისკენ, რომ სტუდენტებს რეალურად მივცეთ ის ცოდნა და შესაბამისი უნარ-ჩვევები, რაც გახდება საფუძველი, რომ მომავალში მათ წარმატებული საექიმო საქმიანობა შეძლონ.“– განაცხადა მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ.

თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი კი ამბობს, რომ ფაკულტეტი საუნივერსიტეტო მიდგომას გამოცდების დასწრებით რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით იზიარებს, რადგან ფიქრობს, რომ ეს არის ცოდნის შეფასების საუკეთესო გზა.

„რასაკვირველია, ვიზიარებთ აკადემიური საბჭოს რეკომენდაციას რომ საგამოცდო პერიოდში სტუდენტებს საერთო საცხოვრებლით უფასო სარგებლობის უფლება მიეცეთ. რაც შეეხება სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების დაცვებს, ესეც ტრადიციულად, აუდიტორიებში ჩატარდება.

ფაკულტეტი შეეცდება მაქსიმალურად დაეხმაროს ყველა სტუდენტს, რომ არცერთი მათგანი არ დარჩეს სასწავლო პროცესის მიღმა. ეს არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოზიცია, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და მიდგომა ამ საკითხისადმი. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სტუდენტებს.“– ამბობს ნანა გაფრინდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკვე 2 კვირაა თსუ-ის სტუდენტები აქციებს მართავენ. მათი უცვლელი მოთხოვნაა, გამოცდების ჩაბარება დისტანციურ რეჟიმში იყოს შესაძლებელი.

როგორც სტუდენტები ამბობენ, რექტორის განცხადების საფუძველზე გარკვეულმა ფაკულტეტებმა მიიღო გადაწყვეტილება სწავლების სრულად „ონლაინ“ გაგრძელების შესახებ. მათმა ნაწილმა კი, სწავლის პროცესი კვლავ სრულად აუდიტორიულ რეჟიმში გააგრძელა.

თსუ-ის განცხადების თანახმად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები