„მე-11 კლასის გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით უკან დახევა შეუძლებელი იქნება, მე-12 კლასელები კი არათანაბარ მდგომარეობაში არიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დაანონსებულ ცვლილებებს რომ არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა გასაკვირი არ არის.
“სანამ სამინისტრო წარადგენდა ამ ცვლილებებს, მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა ინფორმაცია, რომ ხედვის პრეზენტაცია ხდებოდა და არა – გადაწყვეტილებების, რადგან წარმოდგენილი ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე ინიცირებას მოითხოვს, რათა საატესტატო გამოცდების მოდელი რეგულაციებში აისახოს. თუმცა, ბოლო ორი დღეა, მე-11 კლასის გამოცდების გაუქმების შესახებ მოსწავლეების, მშობლებისა და აკადემიური წრეების ნაწილისგან მოლოდინი პოზიტიურია და დღევანდელი გადმოსახედიდან ამ მიმართულებით უკან დახევა შეუძლებელი იქნება. მთავარი კითხვა მაქვს, რომ თუ მე-11 და მე-12 კლასების გამოცდებს ვაუქმებთ და წელს მხოლოდ მე-12 კლასს ვუტოვებთ გამოცდებს, ვფიქრობ, არათანაბარ მდგომარეობაში ვაყენებთ ამ მოსწავლეებს. თუ მე-11 კლასზე გადაწყვეტილება საბოლოოა, წელსვე უნდა გავრცელდეს მე-12 კლასზეც. რამდენიმე ელემენტი კი პოზიტიურია: ზოგადი უნარების გამოცდის ამოღება სავალდებულო საგამოცდო სიიდან. ასევე, პოზიტიურია, რომ ახლა თუ 5 გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მოსწავლე ერთში არ იქნება წარმატებული, გრანტის მიღების უფლება მაინც შეუნარჩუნდება”, – აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, სკოლის დამთავრება დამოკიდებული იქნება თავად სკოლის შეფასებებზე, თუმცა, ეს უნდა მოხდეს კოლეგიალური ზედამხედველობის რეჟიმში. დეპუტატი ამბობს, რომ 13015 თებერვალს კომიტეტს გასვლითი სხდომა აქვს, სადაც ყველა რეგულაციას დეტალურად განვიხილავენ.
“მე-12 კლასის დამამთავრებელ გამოცდებზე მხოლოდ ჩემი მოსაზრება შემიძლია გაგიზიაროთ: სავარაუდოდ, მოსწავლეების აკადემიური შეფასება დაეყრდნობა უშუალოდ სკოლის შეფასებებს. თუმცა, უნდა დავიცვათ მოსწავლეთა უფლებები, რათა მათი შეფასება ობიექტურად მოხდეს და რისკები, რომელიც 15-20 წლის წინანდელი პერიოდიდან გვახსოვს, ავირიდოთ. მაგრამ დღეს ქვეყანა ვითარდება და იმ პერიოდთან შედარება არ არის მართებული. თუკი სკოლების დონეზე შევინარჩუნებთ ეფექტურ შეფასების სისტემას, განათლების დონის გაუარესება ამ ინიციატივებს არ უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა საატესტატო გამოცდების გაუქმება იმას, რომ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს ჩაბარება უჭირდათ, ჯაშმა უპასუხა, რომ საატესტატო გამოცდებს არც ჰქონდათ ეფექტური საგამოცდო სისტემის მახასიათებლები.
“ეს გამოცდები არსებული ფორმით ვერ პასუხობდა იმ მახასიათებლებს, რაც ეფექტური საგამოცდო სისტემისთვის უნდა მოქმედებდეს. ჩვენთვის მთავარია, გაძლიერდეს სწავლების ხარისხი სკოლებში, იცვლება სახელმძღვანელოებიც. რეგიონებში ვიზიტების საფუძველზე ვიცი, რომ პედაგოგები ზოგადად პოზიტიურად აფასებენ 1-6 კლასების სახელმძღვანელოებს. ვემზადებით ჯერ მეშვიდე, მერე კი 8-12 კლასების სასწავლო პროგრამების სრული განახლებისთვის. ლაბორატორიული შესაძლებლობები, სპორტული დარბაზები, სახელოვნებო განათლება – ეს მიმართულებებია, რომლებზეც გაკეთდება აქცენტი, რომ შინაარსობრივად საინტერესო, შემოქმედებითი გახდეს მოსწავლეეებისთვის განათლების მიღების პროცესი და იყოს სწორი ბალანსი საგამოცდო და თავად სასწავლო პროცესებს შორის”, – განაცხადა ჯაშმა.