LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ 72 საათის შემდეგ, კვლავ ნარჩუნდება მაღალი ტემპერატურა, აუცილებლად მიმაჩნია, გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი“ – ინგა მამუჩიშვილი

322
ingamamuchishvili218

ყოველ ჯერზე საჭიროა თუ არა სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება, როცა ბავშვი ავადობს. ამ კითხვას გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა უპასუხა:

კვერცხის გული, სოდიანი წყალი, თაფლი და რძე – ინგა მამუჩიშვილის პრაქტიკული რჩევები ომიკრონის დროს მაღალი სიცხისა და ყელის ტკივილის სამკურნალოდ

„გრილი სეზონის დადგომასთან ერთად, ყოველთვის აქტიურდებოდა სხვადასხვა ვირუსები. ვირუსების გავრცელებას გარკვეული კანონზომიერება აქვს, ვირუსი იწყებოდა რინოვირუსული ინფექციით, შემდეგ მოჰყვებოდა ადენოვირუსი, პარაგრიპი, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი და ბოლოს  გრიპის ვირუსით „გვირგვინებოდა“. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდრეგულაციებმა, როგორიცაა: დისტანციის დაცვა, ნიღბის ტარება, ჰიგიენური ნორმების დაცვა და ა.შ. საგრძნობლად შეამცირა და დასწია უკან სხვადასხვა ვირუსების განვითარება, მათ კორონა ვირუსის პარალელურად მაინც ვხვდებით.

აღსანიშნავია, რომ ომიკრონის და სხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციის ერთმანეთისგან დიფერენცირება, ტესტის გარეშე, ძალიან რთულია. ომიკრონის შტამი კლინიკურად ისევე ვითარდება და მიმდინარეობს, როგორც სეზონური გრიპი. თუმცა, გარკვეული თავისებურებები მაინც ახასიათებს.

პირველ რიგში, ომიკრონისთვის დამახასიათებელია ძალიან მაღალი ცხელება, რომელიც პრაქტიკულად არ ემორჩილება ანტიბიოტიკებს და სიცხის დამწევ საშუალებებს. სიცხესთან მიმართებაში, უნდა გვახსოვდეს, რომ ორგანიზმი მასში შეჭრილ უცხო სხეულს  ტემპერატურის მეშვეობით ებრძვის. ასე ხდება ვირუსის ორგანიზმიდან განდევნა, თუმცა აუცილებელია, ტემპერატურის კონტროლი. არიან ბავშვები, რომლებიც 39-40 ტემპერატურას არაჩვეულებრივად იტანენ  და არიან ბავშვები, რომლებიც 37,5 ტემპერატურაზე შეუძლოდ გრძნობენ თავს, აქვთ დისკომფორტი, ძილიანობა და ა.შ.  ბევრ ბავშვს  ტემპერატურაზე გულყრის განვითარების რისკი აქვს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ზედმიწევნით ვიცოდეთ ბავშვების ანამნეზი.

ზოგადად მოწოდებულია, რომ 38 გრადუსზე ზემოთ მიღებული იქნას სიცხის დამწევი. 2 წლამდე ბავშვებში, როგორც წესი, იბუპროფენი ნაკლებად გამოიყენება, უფრო მეტად პარაცეტამოლი. სიცხის დროს ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ჰიპერჰიდროზი ანუ ოფლდენა. ასეთ დროს, ბავშვი დიდი რაოდენობით მიკრო ელემენტებს კარგავს, ამიტომ აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხეების მიღება.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვის ტემპერატურა სიცხის დამწევი საშუალების მიღების შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში იწევს მაღლა და უახლოვდება პიკურ ტემპერატურას, ნაცვლად იმისა, რომ დაიწიოს. ტემპერატურის მატებისას, სანამ ის პიკს მიაღწევს, ბავშვებისთვის დამახასიათებელია სისხლძარღვების სპაზმი და კანკალი, ამ დროს ბავშვი შეგვიძლია ჩავათბუნოთ, რადგან მას სცივა. როდესაც ტემპერატურა პიკს აღწევს, ბავშვი ცხელდება, ხურდება და ასეთ დროს აუცილებლად უნდა გავაგრილოთ. ექიმების ნაწილი თვლის, რომ ასეთ დროს ბავშვს სიცხის დამწევი საშუალების გაორმაგებული დოზა უნდა მივცეთ, თუმცა ნაწილი ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას. ასეთ დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ ხალხური მეთოდებიც, ბავშვის გაშიშვლება და დაზელა ოთახის ტემპერატურის თბილი წყლით. დაზელვისას ცივი წყლის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ბავშვს შეიძლება გულყრა განუვითარდეს. ბავშვს განსაკუთრებით უნდა დავუზილოთ მაგისტრალური სისხლძარღვების ადგილები, იდაყვის შიდა ზედაპირები, საფეთქლები, კისრის, ყელის არე, საზარდულები, მუხლის უკანა ზედაპირები, ხელის და ფეხის გულები. მაღალი ტემპერატურისას, ხშირად ამართლებს ხელის და ფეხის გულებზე წასმული ათქვეფილი კვერცხის გული. აუცილებელია, ბავშვი დავტვირთოთ სხვადასხვა სითხეებით და ელექტროლიტებით. სასურველია, ბავშვის პირადი ექიმი საქმის კურსში ჩავაყენოთ, მაღალი ტემპერატურის პირველივე დღეს, რომ მივიღოთ კონსულტაცია, თუ როგორ ვმართოთ მაღალი ტემპერატურა. თუ 72 საათის შემდეგ კვლავ ნარჩუნდება მაღალი ტემპერატურა, აუცილებლად მიმაჩნია, გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი, რათა შევისწავლოთ ბავშვის ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ შევაფასოთ პროცესი ვირუსულია თუ დაიწყო მისი გართულება“ – განაცხადა ინგა მამუჩიშვილი.

„ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვის ტემპერატურა სიცხის დამწევი საშუალების მიღების შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში იწევს მაღლა და უახლოვდება პიკურ ტემპერატურას“ – ინგა მამუჩიშვილი გვასწავლის, როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს