ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის საზღვრები კიდევ 1 თვით ჩაკეტა და მოსახელობა გააფრთხილა, რომ კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე ცუდი ეტაპი ჯერ კიდევ არ დამდგარა.
თეთრ სახლში, ვარდების ბაღში გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 000-ს არ გადააჭარბებს, ძალიან კარგი შედეგი იქნება.
“თუ შევძლებთ, რომ ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 100 000-მდე იყოს, რა თქმა უნდა, ეს საშინელი რიცხვია, შესაძლოა, უფრო ნაკლებიც კი, მაგრამ არ უნდა ასცდეს 100 000-ს. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ ერთად ძალიან კარგად ვიმუშავეთ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ჟურნალისტები, მათი, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უსაფუძვლო ბრალდებების გამო, იმასთან დაკვშირებით, რომ ჯანდაცვის მუშაკები სამედიცინო ნიღბებს იპარავენ.
“ცოტა უფრო პოზიტიურად რატომ არ იქცევით? ყოველთვის იქცევით ასე, გამოგიჭირეთ, გამოგიჭირეთ. იცით რა? ამიტომ არის, რომ აღარავინ ენდობა მედიას უკვე” – მიმართა მან ჟურნალისტებს.
პრესკონფერენციაზე ტრამპმა ასევ განაცხადა, რომ “კოვიდ 19”- თანდაკავშირებით ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები 30 აპრილამდე გახანგრძლივდება.
“სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, პიკს ორ კვირაში მიაღწევს. ამიტომ გაიდლაინებს ვახანგრძლივებთ, არაფერი იქნება იმაზე უარესი, ვიდრე გამოაცხადო გამარჯვება მანამ, სანამ ამ გამარჯვებას მიაღწევ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიღებული ზომები გამარჯვების გზაა და სოციალური დისტანცირების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ ზომების გამკაცრების გარეშე შესაძლოა 2,2 მილიონი ადამიანი დაღუპულიყო.
“რაც უფრო კარგად იმოქმედებთ, მით უფრო მალე დამთავრდება ეს კოშმარი,” – მიმართა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა ქვეყნის გახსნა აღდგომამდე, ანუ აპრილის შუა რიცხვებამდე დაანონსა. პრეზიდენტის ამ განცხადებას ქვეყნის შიგნით მწვავე კრიტიკა მოჰყვა.