“ვფიქრობ, თუ ყველა მხარე კარგად იმუშავებს, მათ შეუძლიათ საჭირო კომპრომისის ნახვა ყველა საკითხზე, რომელიც განხილვის პროცესშია. ვიმედოვნებთ, ასეც იქნება.” – საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრის დროს აღნიშნავს, რომ მიესალმება შარლ მიშელის ვიზიტს და შეთავაზებას – დაფუძნებულიყო მედიაცია მოლაპარაკებების დასახმარებლად.
დიეგო კოლასმა ამის შესახებ ფრანკოფონიის (მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია) დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ფრანკოფონიის ფორუმის მნიშვნელობასაც, რომელიც მხარების ერთმანეთთან დაახლოებას, ერთმანეთის მოსმენასა და პოზიციების დაახლოებას უკავშირდება:
“სწორედ ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ეს შთააგონებს იმ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჩვენ მივესალმებით ბატონი შარლ მიშელის ვიზიტს და შეთავაზებას, რომ დაფუძნებულიყო მედიაცია ამ მოლაპარაკებების დასახმარებლად და მხარეების ერთმანეთთან დასაახლოებლად.
მივესალმებით სპეციალური წარმომადგენლის ჩამოსვლას, რომლის ვიზიტიც ძალიან მალე დაიწყება. ბევრი იდეაა განხილვის პროცესში. მოლაპარაკებების პარამეტრები ახლა უკვე ნათელია. ჩვენ ასევე გვაქვს სამოქალაქო საზოგადოებების პოზიციები, რომლებმაც თავისი ინიციატივები გამოთქვეს. ვფიქრობ, თუ ყველა მხარე კარგად იმუშავებს, მათ შეუძლიათ საჭირო კომპრომისის ნახვა ყველა საკითხზე, რომელიც განხილვის პროცესშია. ვიმედოვნებთ, ასეც იქნება.” – თქვა კოლასმა.
შეგახსენებთ, თბილისში დღეს შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს ელოდებიან
დანიელსონი, რომელიც საქართველოში საკუთარ წარმომადგენლად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დანიშნა, პოლიტიკურ მხარეებს შორის დაგეგმილ დიალოგის პროცესში ჩაერთვება.