ადამიანის მორალის განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე უშუალო გავლენას ახდენს პიროვნული ურთიერთობები. ჩვენი მორალური რწმენების უმრავლესობა ფორმირდება ადრეული ასაკიდანვე და იმ ადამიანების გავლენით, ვინც ჩვენ გარშემოა, მშობლებისგან, მეგობრებისგან. ამ თემაზე “ფორტუნას” ფსიქოლოგი რუსო სამხარაძე ესაუბრა.
მორალი არეგულირებს ჩვენს ურთიერთობას სხვა ადამიანებთან. ჩვენი მორალური განწყობები განსაზღვრავს იმ წესებსა და მოვალეობებს, რომლებსაც ვემორჩილებით სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას.
ადამიანში მორალური განწყობების ფორმირების პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: ოჯახი, საბავშვო ბაღი, სკოლა, რელიგია, თანატოლები, ტელევიზია.
მორალური აზროვნების ფორმირებაში განუზომელია მშობლების წვლილი. გულისხმიერი დამოკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის ხელს უწყობს იმას, რომ შვილები პატივს სცემენ მშობლებს, უფროსებს და მიისწრაფვიან, დაემსგავსონ მათ, რაც ბავშვს, საბოლოო ჯამში, დადებით მორალურ თვისებებს უყალიბებს.
ზნეობრივად განვითარებული მშობლებისგან შვილები პოზიტიურ როლურ მოდელებს სწავლობენ. ბავშვებს და მოზარდებს აქვთ მისწრაფება, მოახდინონ მშობლების ქცევის კოპირება.
როცა მშობელი საუბრობს პატიოსნებაზე და ბავშვი ხედავს, რომ იგი მორალურად არ იქცევა ასე, თვითონაც უპატიოსნო საქციელს დაისწავლის. მოზარდები უფრო ადვილად ექცევიან უფროსების გავლენის ქვეშ, ამიტომ აუცილებელია, უფროსებმა მისდიონ ზნეობრივ წესებს.
მშობლებმა აუცილებლად უნდა წაახალისონ შვილების დადებითი ქცევა.
ადრეული განვითარების სტადიაზე და მომდევნო პერიოდშიც ბავშვს და მოზარდს მიდრეკილება აქვთ, ერთნაირად მოიქცნენ. ეს ეხება როგორც პროსოციალურ და ანტისოციალურ ქცევას, ასევე ნეიტრალურ მორალურ საქციელსაც. სხვა ბავშვებთან თამაშისას ბავშვი ეცნობა ადამიანებთან ურთიერთობის კანონზომიერებს. აცნობიერებს, რომ იმისათვის, რათა კონფლიქტის გარეშე მოახერხოს თამაში, მნიშვნელოვანია შეთანხმებების დაცვა. ახერხებს დათმობას, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სოციალურად მისაღები ფორმით. სწავლობს კონფლიქტების მართვას. თანატოლებთან ურთიერთობის პროცესში, წარმოიშვება გარკვეული მორალური დილემები, რომელთა გაცნობიერების და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შედეგად ბავშვი სწავლობს ღირებულებების გათვალისწინებას სხვებთან ურთიერთობის პროცესში. ასევე, მოვლენების დანახვას სხვა ადამიანის პერსპექტივიდან, რაც მის ქცევას უფრო დახვეწილს ხდის.
მოზარდობის პერიოდშიც თანატოლებს დიდი გავლენა აქვთ ერთმანეთზე, რის გამოც ისინი რისკიან საქციელს სჩადიან ან ამჟღავნებენ დევიანტურ ქცევას. მეგობრების მსგავსება შეიძლება აიხსნას იმით, რომ მოზარდები მეგობრებად ირჩევენ თავიანთ მსგავსებს, ან იმით, რომ მოზარდები უშუალო გავლენას ახდენენ ერთმანეთის ქცევაზე.
რელიგია დადებით გავლენას ახდენს მოზარდთა ქცევაზე. მაგალითად, მორწმუნე ახალგაზრდა უფრო თავშეკავებულია ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარების მიმართ, ვიდრე მისი ნაკლებად მორწმუნე თანატოლი. ისინი ასევე ნაკლებად ამჟღავნებენ დევიანტური ქცევის ისეთ ფორმებს, როგორებიცაა ვანდალიზმი, ჩხუბი. რელიგიათა უმრავლესობა პროპაგანდას უწევს ისეთ დადებით, პროსოციალურ ცნებებს, როგორებიცაა სიყვარული და სიკეთე, უფროსის პატივისცემა, თავაზიანობა და.ა.შ.
დღითიდღე იზრდება ტელევიზიისა და მასობრივი მედიასაშუალებების როლი ადამიანის ცხოვრებაში, ამიტომ ბუნებრივია, რომ საზოგადოებას აღელვებს, რა გავლენას ახდენს ტელევიზია და ინტერნეტ სივრცე ბავშვისა და მოზარდის ღირებულებათა ჩამოყალიბებაზე. სასურველი რომ მედია საშუალებები ითვალისწინებდნენ როგორ შეიძლება , რომ დადებითი როლი შეასრულონ ბავშვის და მოზარდის ზნეობრივ/მორალურ განვითარებაში და როგორ შეიკავონ თავი მავნე ზემოქმედებისგან. (მაგალითად, დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ შემეცნებითი, კრეატიული გადაცემებით გაამდიდრონ სატელევიზიო ეთერი. უარყოფითი გავლენის მომტანია ძალადობრივი, დესტრუქციული ხასიათის გადაცემების ან ინფორმაციების დემონსტრირება).
მორალური აზროვნების განვითარება მეტად რთული და ხანგრძლივი პროცესია, ის ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურად მიმდინარეობს და მის სწორ ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვის მშობლების, აღმზრდელების, პედაგოგების აქტიურ ჩართულობას და მხარდაჭერას.
