LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საჭირო გახდა, მიმოწერასაც და ვიდეოებსაც გამოვაქვეყნებთ – ევექსის კლინიკა 3 წლის პაციენტის დედაზე

5145
childclinic

შემაკავებელი ორდერის ფარგლებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, დედას აქვს უფლება, რომ შევიდეს და ნახოს პაციენტი და თუ საჭირო გახდება, ყველა მიმოწერას გამოვაქვეყნებთ დედასთან დაკავშირებით და მუქარებს და ვიდეოჩანაწერებს, თუ როგორ იქცევა ის კლინიკაში, – ასე პასუხობს ევექსის კლინიკა 3 წლის მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვის დედას, რომელიც შვილს 3 წელია უკვე კლინიკაში მკურნალობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით“, 3 წლის ბავშვთან, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის, ვერ ლაპარაკობს, ვერ მოძრაობს, მაგრამ სრულიად ნათელი ცნობიერებით აღიქვამს სამყაროს, ივ.ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი არ უშვებს დედას საკმარისი დროის განმავლობაში.

ბავშვი 3 წელია საავადმყოფოში წევს, ერთადერთი იმედი დედაა, რომლის ნახვასაც უზღუდავენ - PHR

"ფორტუნა" აღნიშნულთან დაკავშირებით "ევექსს" დაუკავშირდა, სადაც საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ.

ბავშვთა უფლებადამცველები განმარტავენ, რომ „ბავშვისთვის ერთადერთი იმედი და კავშირი სამყაროსთან არის დედა ცივ და თეთრ პალატაში, სადაც უამრავი სამედიცინო მილი აქვს სხეულში. დედასთან კავშირის გაწყვეტა ამ ბავშვისთვის არის უდიდესი დეპრესიის წყარო.“

“ფორტუნა” აღნიშნულთან დაკავშირებით ევექსის კლინიკის პრესსამსახურში გიორგი ნიორაძეს ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ ბავშვისთვის, რომელიც კლინიკის ხანგრძლივი პაციენტია, დედასთან ემოციური კავშირისთვის სრულიად საკმარისია ერთი საათი, რომელსაც კლინიკის შინაგანაწესი ითვალისწინებს. ნიორაძე იმასაც ამბობს, რომ დედას, სანამ კლინიკის თანამშრომლებთან მიმართებით შემაკავებელ ორდერს გამოუწერდნენ, ბავშვის ნახვა უფრო მეტი ხნის განმავლობაში შეეძლო. კლინიკაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დედას შვილის ნახვის დრო შეუმცირეს.

გიორგი ნიორაძე: პაციენტი დაახლოებით წელიწადნახევარია ჩვენს კლინიკაში იმყოფება დადასტურებული დიაგნოზით, რომელიც საკმაოდ მძიმეა – სპინალური ამიატროფია. მართვით სუნთქვაზეა.

რეანიმაციულ განყოფილებას აქვს თავისი საათები, განრიგი და წესები, როცა პაციენტის მშობელი უნდა შევიდეს. ამ პაციენტის მშობელი შედის შეუფერხებლად ბავშვთან ერთი საათით, 4-დან 5 საათამდე, როდესაც არის გამოცხადებული ნახვის საათები, დროის კომპონენტი რეანიმაციაში არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც იცით რეანიმაციაში მძიმე პაციენტები იმყოფებიან და ის რეანიმაციულ განყოფილებაში შედის სამწუხაროდ, დაცვის თანხლებით, რადგან მასზე გამოწერილია შემაკავებელი ორდერი კლინიკის თანამშრომლებთან მიმართებაში. ორდერი გამოწერეს მისი ქცევის გამო. იყო რაღაც ინციდენტი, რის გამოც კლინიკას მოუხდა პოლიციის გამოძახება. დეტალებში არ შევალ, მშობელს დაურეკეთ და თვითონ აგიხსნით.

როცა საქმე ეხება მცირეწლოვანს, რომელიც მიჯაჭვულია მშობელზე, შესაძლოა, მას განუვითარდეს გარკვეული სტრესი…

დამასრულებინეთ თუ შეიძლება, მე გითხარით რომ დიაგნოზი არის სპინალური ამიატროფია, ეს არის ურთულესი დიაგნოზი. მშობლისთვის არავის აუკრძალავს ბავშვის ნახვა.

თუმცა, ეს დრო რამდენად არის საკმარისი?

აღნიშნულ ქალბატონს ჰქონდა უფრო მეტი დრო შესულიყო კლინიკაში და ენახა ბავშვი. როგორც გითხარით, მას ეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს მისი ქცევის გამო, შესაბამისად, ახლა იქიდან გამომდინარე, რომ დაცული იყოს ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და თუ ჩვენი სერვისით არის უკმაყოფილო, ნებისმიერ დროს შეუძლია გადაიყვანოს ბავშვი სხვა კლინიკაში.

თუმცა, არის ერთი დეტალი, როცა საქმე ეხება არასრულწოვანს….

უკაცრავად, თქვენ დიაგნოზებში ერკვევით?

არა, მე არ ვერკვევი, მე არ მაქვს სამედიცინო განათლება, იქნებ თქვენ ამიხსნათ რა მდგომარეობაშია ბავშვი?

მე სპინალურ ამიატროფიაზე გესაუბრებით. ერთადერთი რასაც აკეთებს, თვალს ახელს. დედას აქვს შესაძლებლობა რეანიმაციულ განყოფილებაში შესვლის და ეს ემოციური კავშირი დაკმაყოფილებულია.

თქვენი შვილი რომ იწვეს რეანიმაციაში, რომ წარმოიდგინოთ, სხვა ადამიანები შედიოდნენ რეანიმაციაში, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ, ელემენტარულად თქვენ ეს მოგეწონებოდათ?

ინფექციისგან თავის დაცვა სხვანაირადაც ხომ შესაძლებელია? ან რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინფექციის გავრცელების მხრივ დროს, ადამიანი იქ შევა ერთი საათით თუ მეტი ხნით?

სხვა ჭრილში რომ არ გადავიყვანოთ ჩვენი საუბარი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იმყოფება რეანიმაციაში და მკურნალობს, ის არის მძიმე პაციენტი. შესაბამისად, ასეთი პაციენტები არიან მოწყვლადი ჯგუფი და არ უნდა მოხდეს მათი დაინფიცირება.

შემაკავებელი ორდერის ფარგლებში, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, დედას აქვს უფლება, რომ შევიდეს და ნახოს პაციენტი და თუ საჭირო გახდება, ყველა მიმოწერას გამოვაქვეყნებთ დედასთან დაკავშირებით და მუქარებს და ვიდეოჩანაწერებს, თუ როგორ იქცევა ის კლინიკაში.

magti 5g