“მოქალაქეების” ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ “ამნისტიის კანონის” შესახებ შეჯერებული დოკუმენტი არ იქნება, არანაირ ამნისტიას მხარს არ დაუჭერენ.
მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ მხარეები ახლა ვერ თანხმდებიან, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისას კი შეთანხმდნენ, რომ ამნისტიაზეც შეთანხმდებოდნენ:
” ჩვენ “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ კანონპროექტს წინმსწრებად და ავანსად მხარი დავუჭირეთ. მხარს ოპოზიციის ვარიანტსაც დავუჭერთ, ოღონდ იმ დათქმით, რომ თუკი შეჯერებული დოკუმენტი არ იქნება, არანაირ ამნისტიას მხარს არ დავუჭერთ. მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისას ჩვენ შევთანხმდით, რომ ამნისტიაზე შევთანხმდებოდით. ახლა ჩანს, რომ ვერ ვთანხმდებით. ეს არის სისულელე – არაფერი პრინციპული განსხვავება ამ ორ დოკუმენტში არ არის.” – თქვა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
ოპოზიციის მიერ ინიცირებული ამნისტიის ალტერნატიული პროექტზე კენჭისყრა კი გადაიდო.